4-07-2018
რუსული გამოცემის, «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია მოვლენების სავარაუდო სცენარი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში. როგორ განვითარდება პროცესები აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან მიმართებით? როგორი იქნება ცხინვალისა და სოხუმის პოზიცია? მასალაში მოცემულია როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ ანატოლის ბიბილოვის, ასევე რუსი ექსპერტების თვალსაზრისები საქართველო-ნატოს ინტეგრაციის თაობაზე.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ დიმიტრი ლარუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვის თქმით, „სამხრეთ ოსეთი“ თავის უსაფრთხოებას რუსეთს უკავშირებს და, აქედან გამომდინარე, თუ თბილისი ნატოს წევრი გახდება და ამის შედეგად რაიმე პროვოკაციული თუ ძალისმიერი სცენარი განვითარდება, რესპუბლიკის მოქალაქეები დაცულნი იქნებიან „მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი საქართველოს ნაბიჯები ჩვენს ყურადღებას იპყრობს, მას ჩვენ ხელს ვერ შევუშლით“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
საქართველოს მმართველმა წრეებმა ბოლო დროს რამდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთეს ქვეყნის მზადყოფნის თაობაზე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად, უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მაგალითად, აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ერთი თვის წინ ამტკიცებდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება 2021 წელს მოხდებაო.
- საქართველოს უფლება აქვს მისთვის სასურველ ალიანსს მიუერთდეს. სამხრეთ ოსეთს თბილისისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია, - აღნიშნა „იზვესტია“-სთან საუბარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა, - ამავე დროს, რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ჩვენი მეზობლის ნაბიჯებს, რათა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი გვქონდეს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ რუსეთთან უსაფრთხოების ერთიანი კონტურის განმტკიცებას, შესაბამისად, ვითვალისწინებთ ჩვენს საზღვრებთან ნატოს გამოჩენის შესაძლებლობასაც. თუმცა ამ მომენტისათვის რუსეთის ჯარების დამატებითი კონტინგენტის განლაგების საჭიროება არ არსებობს.
რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლებმა ჟენავაში 19-20 ივნისს გამართული კონსულტაციების დროს აღნიშნეს, რომ ნატოს აქტიურობის გაძლიერება რეგიონში მათთვის მიუღებელია.
„საქართველოს ნატოში გაწევრიანება რეგიონისთვის ნეგატიური შედეგის მომტანი იქნება და მხოლოდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, - განაცხადა „იზვესტია“-სთან საუბარში ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, სენატორმა ფრანც კლინცევიჩმა. მისი აზრით, თუ საქართველო ამ ნაბიჯს მაინც გადადგამს, მაშინ კვლავ გაუარესდება ქართულ-რუსული ურთიერთობა და უკვე არსებული პოზიტიური ძვრები კვლავ დამუხრუჭდება.
„ნატოში გაწევრიანებით საქართველო დარტყმის ქვეშ დააყენებს როგორც საკუთარ ტერიტორიას, ასევე მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ისტორიას [რუსეთთან]. ეჭვი ხომ არავის ეპარება იმაში, რომ ნატო საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიაზე თავის სამხედრო ბაზებს და შემტევ კომპლექსებს განალაგებს? ამით რუსეთის ირგვლივ „მახრჩობელა მარყუჟი“ ყალიბდება, - ხაზს უსვამს სენატორი, - მოსკოვი დღეს არავის არ ემუქრება და არც დაემუქრება. სამწუხაროდ, დასავლელი პარტნიორები ხშირად მიმართავენ ცილისწამებას და პროვოკაციებს, რათა რუსეთის ნეგატიური იმიჯი შექმნან, თავიანთი სამხედრო ხარჯების ზრდის გამართლების მიზნით. საწყენია, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნების ხელმძღვანელებს დასავლეთისა სჯერათ“.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რეფორმები უკვე გატარებულია, თბილისმა ნატოს ყველა მოთხოვნა შეასრულა და მზადაა ალიანსში გასაწევრიანებლად. ნატოსთან ინტეგრაციის საკითხი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გერმანიაში ვიზიტის დროსაც, რომელიც ორშაბათს დაიწყო. ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების პოტენციალი აქვსო.
რამდენად შესაძლებელი და რეალურია საქართველოს ნატოში გაწევრიანება?
„საერთოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსში წევრებად ის ქვეყნები მიიღებიან, რომლებსაც მეზობლებთან სასაზღვრო დავები არ გააჩნიათ“, - ამბობს „იზვესტია“-სთან საუბარში რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი აჯარ ქურთოვი. მისი აზრით, დღეს ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ რამდენადაც საქართველოს რთული დამოკიდებულება აქვს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან, იმდენად სამხრეთკავკასიურ ქვეყანას ახლო მომავალში ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა არ ექნება.
„ამავე დროს, ალიანსის ხელმძღვანელობას შეუძლია რაღაც იურიდიული ფანდი განახორციელოს საქართველოს მისაღებად. დღეს საქართველო ნატოსათვის საჭირო ქვეყანაა, რათა რუსეთი სამხრეთ მიმართულებიდან მოწყვლადი გახადოს. თუ ნატო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, კავკასიაში დღეს არსებული კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვლება“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.