3-08-2022
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მიიღო ინფორმაცია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში ორი სული მსხვილფეხა პირუტყვის დაცემის შესახებ. სააგენტოს ვეტერინარები მყისიერად გავიდნენ ადგილზე, აიღეს პათოლოგიური მასალა და გამოიკვლიესაკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაავადება ჯილეხი დადასტურდა.
სააგენტოს ვეტერინარულმა სამსახურმა პირუტყვის დაცემის ადგილებზე განახორციელა კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებები. „ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო წესის” შესაბამისად,დაცემული პირუტყვი დაიწვა და დაიმარხა, ჩატარდასადეზინფექციო სამუშაოები, მიმდებარე პერიმეტრზე მიმდინარეობს ცხოველების პროფილაქტიკური ვაქცინაცია. ასევე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, ზემო კარაბულახის ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი, რაც გულისხმობს საკარანტინო ტერიტორიაზე პირუტყვის გადაადგილების, ცხოველების ბაზრობების მოწყობის, ცხოველებისგან მიღებული ნაწარმის მოხმარებისა და რეალიზაციის შეზღუდვას.
ჯილეხი (ციმბირის წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება. საქართველოში რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ნიადაგობრივი კერა. ახალი კერის წარმოქმნას განაპირობებს დაავადებული ცხოველის დაკვლა ან გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება და ა.შ. აქედან გამომდინარე, დაავადების შემთხვევების დროული გამოვლენა და შესაბამისი უწყებების ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ჯილეხის საწინააღმდეგოდ ყოველწლიურად მილიონამდე ცხოველს ცრიან.
16-11-2024
16-11-2024