9-08-2022
არ არსებობს მთა, რომელზეც ვერ ავალთ, არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ვერ მივაღწევთ, არ არსებობს გამოწვევა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს გამარჯვება, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ გავრცელდა.
„აშშ გახდა ქვეყანა, რომელიც სამართალდამცველებს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ იარაღად იყენებს. მსგავსი არაფერი გვინახავს“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ვიდეომიმართვაში დონალდ ასევე ადანაშაულებს ბაიდენის ადმინისტრაციას იმაში, რომ „რუსეთს საშუალება მიეცა გაენადგურებინა უკრაინა“.
„ჩვენ გავხდით ქვეყანა, რომელიც უამრავი თვალსაზრისით დასაცინი გახდა, თუმცა მალე სიდიადეს დავიბრუნებთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
დონალდ ტრამპმა მომხდარს „ჩვენი ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.
16-11-2024
16-11-2024