6-07-2018
სომხეთის რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთ «Голос Армении»-ში დაბეჭდილ სტატიაში განხილულია საქართველოს საგარეოპოლიტიკური ნაბიჯები, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა სირია-საქართველოს ურთიერთობის პრობლემებს.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ აშოტ გარეგინიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც ცნობილია, საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო გაწყვიტა: სირიამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, რაც საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელია. როგორი გავლენა მოახდინა დამასკოს ანტიქართულმა ნაბიჯმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე?
როგორც რუსი პოლიტოლოგი, კავკასიის საკითხების ექსპერტი კონსტანტინე ტასიცი ამბობს, სირიის გადაწყვეტილებას მოსკოვ-თბილისის ურთიერთდამოკიდებულებაზე მაინც და მაინც დიდი გავლენა არ მოუხდენია: პოლიტიკის სფეროში მხარეები კვლავ ინარჩუნებენ ხისტ მიდგომებს, ეკონომიკური ურთიერთობებიც ძველებურ ტემპს ინარჩუნებს და იზრდება კიდეც.
„საქართველო ცდილობს კვლავ მოახდინოს თავისი ყოფილი რეგიონების ინტეგრირება და ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს. ამგვარი ხედვის ჩარჩოებში თბილისის მოქმედება სრულიად ლოგიკურია: იგივე გააკეთა საქართველომ სხვა მიმართაც, რომლებმაც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი აღიარეს. სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი ირონიით უყურებდა ვენესუელის, ნიკარაგუის, განსაკუთრებით კი კუნძულ ნაურუს დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს. თბილისს გარკვეული დრო დაჭირდა, რომ გაეცნობიერებინა: სიცილი სიცილად, მაგრამ ყოფილი ავტონომიების სუვერენიტეტის აღიარება იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც, მართალია, მსოფლიო პოლიტიკის ცენტრები არ არიან, მაგრამ გაეროს სრულუფლებიან წევრებს წარმოადგენენ, თბილისისათვის არაფერი კარგის მომტანი არ არის. ჰოდა, ქართული იუმორი აქტიური პოლიტიკით შეიცვალა, თუმცა ზოგჯერ წარუმატებლად, მაგალითად, იგივე სირიის მიმართ“, - ამბობს პოლიტოლოგი.
რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ სირიის ნაბიჯით საქართველო-რუსეთს შორის კიდევ ერთი პრობლემური ასპექტი შეიქმნა. და ეს დიპლომატიური შეხლა-შემოხლა გარდაუვლად ეხება სომხეთსაც: ისტორიული პროცესებისა და სხვა ფაქტორების გამო საქართველოსა და რუსეთის სიტუაცია ბევრად განაპირობებს სომხეთის კავშირს გარესამყაროსთან.
„საქართველო-რუსეთს შორის სიტუაციის გამწვავება სომხეთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, უპირველესად ტრანზიტის საკითხში, რადგან სწორედ საქართველოზე გადის სომხეთ-რუსეთის იმპორტ-ექსპორტის უმოკლესი გზა, - აღნიშნავს კონსტანტინე ტასიცი, - კარგია, რომ გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის მოლაპარაკების ფორმატით სავაჭრო-ეკონომიკური დერეფნების საკითხი პოზიტიურად წყდება. მაშინ, როცა რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს, შვეიცარიის საშუამავლო ძალისხმევა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამასთან, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა: უფრო მკაფიოდ უნდა გამოიხატოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პოზიციები, გასარემონტებელია ყოფილი ავტონომიების გზები და ა.შ. მოკლედ, არის შანსი, რომ პერსპექტივაში, მხარეთა ძალისხმევით, საბოლოო კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“-ნათქვამია სტატიაში.