გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
«Deutsche Welle» (გერმანია): ნატოს არცერთი წევრი მზად არ არის თავისი სიცოცხლე თბილისს შესწიროს

6-07-2018

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეებმა და მომხრეებმა ბერლინში ერთმანეთთან არგუმენტებით ისაუბრეს. მათი გამოსვლები მოისმინა და განაზოგადა „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტმა ნიკიტა ჟოლვერმა.


„საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, რაც პირდაპირაა აღნიშნული შემაჯამებელ დოკუმენტში: ამის გარანტია 26 ქვეყნის მეთაურმა მოგვცა, მათ ვალდებულება აიღეს ნატოში საქართველოს მიღებისათვის. ასე ამბობდა 2008 წლის აპრილში ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


მას შემდეგ ათი წელი გავიდა. ნატოში უკვე 29 ქვეყანაა, საქართველო კი ჯერაც არ მიუღიათ ალიანსში. წევრობას რომ თავი დავანებოთ, „მაპ“-შიც (გაწევრიანების პროგრამაშიც) კი არ მიუწვევია. თუმცა, როგორც ექსპერტები თვლიან, საქართველო უფრო უკეთესადაა მომზადებული და უფრო მეტად პასუხობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კრიტერიუმებს, ვიდრე ზოგიერთი ახლადმიღებული ქვეყანა.


რაშია მიზეზი? რატომ არ იღებენ საქართველოს ნატოში? ამაზე იყო სწორედ საუბარი კ.ადენაუერის სახელობის ბერლინის ქართულ-გერმანულ ფონდში გამართულ ფორუმზე „ათი წელი ბუქარესტის სამიტიდან: საქართველოს პერსპექტივები ნატოში წევრობისათვის“.


საქართველო ნატოს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს


ფორუმზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების „მომხრე“ და „მოწინააღმდეგე“ არგუმენტებით ისაუბრეს თავდაცვის ექს-მინისტრმა დავით სიხარულიძემ და მიუნჰენში არსებული ბუნდესვერის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლო მასალამ.


პროფესორი აღიარებს, რომ ბოლო წლებში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომელიც ნატოს წევრობის კანდიდატ ქვეყანას მოეთხოვება. ამ წარმატებებში იგი ასახელებს საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს სტრუქტურების განმტკიცებას.


„თუ საქართველოს ალიანსის სხვა ზოგიერთ წევრს შევადარებთ, - ამბობს კარლო მასალა, - მაშინ დავინახავთ, რომ მას საკმაოდ ჩამორჩებიან, მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი. კორუფციის მიხედვით საქართველო თურქეთის დონეზე იმყოფება, კორუფცია საქართველოში არის, მაგრამ ასევე არის ნატოს წევრ ქვეყნებშიც - ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეტში, რომლებშიც კორუფციის დონე საკმაოდ მაღალია“.


და ნატოში ისეთი ქვეყნებიც არიან, რომლებშიც საკმაოდ არასახარბიელოდაა საქმე სამართლებრივ სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების სფეროში, სადაც შეიმჩნევა ავტორიტარიზმის ტენდენცია, - ამბობს აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი. იგი, როგორც ჩანს, პოლონეთსა და უნგრეთზე მიანიშნებს.


თბილისს გეოგრაფიაში არ გაუმართლა


პრობლემა, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში კი არ გამოიხატება, არამედ საქართველოს მეზობლობაში რუსეთთან. „ქართველები საკუთარი გეოსტრატეგიული მდებარეობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ“, - პირდაპირ განაცხადა კარლო მასალამ. პროფესორმა, რომელიც ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეებს ლექციებს უკითხავს, ფორუმის მონაწილეებს რუსეთის პოზიცია გაახსენა: 2007-2008 წლებში მოსკოვმა ნათლად მიანიშნა, რომ საქართველოს ნატოში მიღებას არ დაუშვებს. როცა ალიანსში ბალტიის ქვეყნები გაწევრიანდნენ, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო: „რუსეთი იმ დროს სუსტ ქვეყანას წარმოადგენდა“, - ამბობს კარლო მასალა, - ბორის ელცინის მმართველობის პერიოდში რუსეთი მუხლებზე იყო დაჩოქილი - როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“.


კარლო მასალას აზრით, მოგვიანებით ნატოში გონს მოეგნენ და დაფიქრდნენ, რომ ის რაც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლს (ანუ კოლექტიურ უსაფრთხოებას) უკავშირდება, ძალიან სარისკოა და, შესაბამისად, მიუღებელი. კარლო მასალამ წარადგინა ორი შესაძლო სცენარი, რომელიც შეიძლება საქართველოს ნატოში მიღების შემთხვევაში განვითარდეს: პირველი - მოსკოვის მიერ თბილისის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის დაწყება, რაც საქართველოში დესტაბილიზაციას გამოიწვევს და მეორე - რუსეთი კიდევ უფრო მეტ აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს ნატოს მიმართ. „ნატოს არცერთი წევრი მზად არ არის თავისი სიცოცხლე თბილისს შესწიროს“, - დარწმუნებულია პროფესორი, - ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოსთან, რომელიც იოლად შეიძლება ატომურ ომში გადაიზარდოს“. რუსეთის პროვოცირება საქართველოს ნატოში მიღებისათვის დაწყებულ მოლაპარაკებასაც შეუძლია, პროვოცირების შედეგების პროგნოზირება კი არავის ძალუძს.


რით შეიძლება რუსეთის პროვოცირება?


„რუსეთის პროვოცირება შესაძლებელია არა ნატოს მტკიცე პოზიციით, არამედ მისი გაუბედაობით“, - თამამად გასცა პასუხი გერმანელ პროფესორს ქართველმა ექს-მინისტრმა, რომელიც ამ თანამდებობაზე რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მუშაობდა, თანაც მხოლო რვა თვის განმავლობაში - 2008 წლის დეკემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე. „ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესრულების გაჭიანურება ცუდია არა მარტო საქართველოსათვის, არამედ იმის აშკარა მანიშნებელიცაა, რომ ნატოში ერთიანობა არ არსებობს“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ, - აი, სწორედ ამას შეუძლია მოსკოვის პროვოცირება“. მან ფორუმის მონაწილეებს გაახსენა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ბერლინის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია, როცა ქალაქი საბჭოთა საოკუპაციო ჯარებით იყო გარშემორტყმული. „შეძლებდა გასული საუკუნის 60-იან წლებში ალიანსი დასავლეთ ბერლინის შენარჩუნებას სამხედრო გზით? ცხადია, ვერ შეძლებდა, მაგრამ თავისი ნაყოფი გამოიღო ერთიანობისა და სიმტკიცის პრინციპმა, რომელიც იმ დროს განუხრელად სრულდებოდა“.


ყოფილი მინისტრის აზრით, რუსეთის პროვოცირებას ახდენს არა იმდენად ნატოს სამხედრო შესაძლებლობები, რამდენადაც ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიული ქვეყნები არსებობენ - საქართველო და უკრაინა. „რუსები მათ მაგალითზე ხედავენ, რომ თურმე ქვეყნები შეიძლება წარმატებული და დემოკრატიული იყონ, დიქტატორის გარეშე“.


ნატო - სტაბილურობის გარანტი რუსეთის მიჯნებთან


დავით სიხარულიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნატოში მიღება ან თუმდაც მიღების პროცესის დაწყება კავკასიის სახელმწიფოებზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. „საქართველოს წარმატება ამ გზაზე მეზობელ სახელმწიფოებში ბიძგს მისცემდა პოზიტიურ მოვლენებს, მათ რეფორმების გატარებისა და უსაფრთხოების განმტკიცების სურვილს გაუჩენდა“, - ხაზი გაუსვა ექს-მინისტრმა, - „ნატო ხომ არა მხოლოდ ალიანსის წევრების მშვიდობა-სტაბილურობას უზრუნველყოფს, არამედ მათ საზღვრებს გარეთ მდებარე ქვეყნებისაც“. ამიტომაც, დავით სიხარულიძის აზრით, რუსეთი ობიექტურად უნდა იყოს დაინტერესებული საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებით. „დღეს ხომ რუსეთს ბლოკის ქვეყნების საზღვრებთან არანაირი პრობლემა არ აქვს“.

ნატოს ერთიანობა და სიმტკიცე არა მხოლოდ საქართველოსა და ალიანსისთვის არის სასარგებლო, არამედ თვით რუსეთისთვისაც“, - განაცხადა ექს-მინისტრმა „დოიჩე ველეს“-სთან საუბარში ფორუმის დასრულების შემდეგ, - „ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მთელ კონტინენტზე“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930