12-08-2022
რაც არ უნდა მოგვაკერონ, რომ ჩვენ ანტიდასავლური ძალა ვართ და ვეწინააღმდეგებით რაღაცას, თუ სიმართლის თქმა რუსული ნარატივია, მაშინ ვერასდროს შევთანხმდებით ვერც ერთ ოპოზიციურ წარმომადგენლობასთან. ყველაზე მთავარი რაც არის, ამას ძალიან კარგად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება. მოვუწოდებ ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს, ასეთი თამაშები საქართველოს საზოგადოებასთან, მოსახლეობის უმრავლესობასთან და მით უმეტეს კონსტიტუციით და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ. შესაძლებელია უკვე, რომ პირდაპირი დიალოგით მოხდეს ეს ყველაფერი - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საპირისპირო გამოაჩინა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, როცა ტვ „ფორმულაში“ მივიდა. ამ ინტერვიუში გამოიკვეთა, რომ დეგნანი მის მიმართ დასმულ კითხვებს გაურბის.
„გუშინდელი ჩვენი წერილის შემდეგ გამოხმაურებები იყო საზოგადოებაში. განსაკუთრებულად ღიმილის მომგვრელი იყო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურება. ვერცერთი ვერ საუბრობდა ვერც ერთ ფაქტზე. ტვ „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოიკვეთა, რომ კელი დეგნანი მის მიმართ დასმულ კითხვებს გაურბის. გუშინდელ ვრცელ წერილში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი და საკმაოდ არასახარბიელო სურათი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენს თვალწინ და კულუარებში, რა ბრძოლები გადაგვხდა, სწორედ აქედან იყო გამოწვეული ჩვენი მოქმედება, რომ ეს ყველაფერი ზედაპირზე ამოვიტანოთ და სიმართლე ვუთხრათ საზოგადოებას. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ საშიშროება კიდევ არსებობს, რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ეს პროცესები ამასთან იყო დაკავშირებული. წერილში მოყვანილი იყო არჩევნების გაყალბების თემა, „ისფედი“, რომელმაც პარალელურ რეჟიმში ცდომილებით დაითვალა, ცესკოზე თავდასხმები, 19 აპრილის შეთანხმება, კრიმინალების იძულებით გამოყვანა, რომელშიც მთლიანად მონაწილეობდნენ საელჩოები და შუამავალი ადამიანები. კულმინაცია იყო ომის საშიშროება, რომელზეც უკან ვერ დავიხევდით. როდესაც დავინახეთ კულუარებში, კაბინეტებში რა ზეწოლებიც იყო და რომ ამას საზღვარი არ აქვს, ჩვენს თავს მივეცით უფლება, პირდაპირ გვეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. კითხვა ისმება, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი, რომელიც ქილიკობს და შეურაცხყოფებს გვაყენებს, არც ერთი არ საუბრობს ფაქტებზე. არის მუდმივი მოწოდება გადატრიალებაზე, ხელისუფლების ჩამოგდებაზე, ისევ გადაერთნენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ქველმოქმედების და უამრავი სიკეთის შესახებ საზოგადოებამ იცის და ამას ვერავინ შეცვლის. ძალიან მარტივად შეეძლო ამ ადამიანს ყველასთან საქმის დალაგება, მაგრამ ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ ამაში განახორციელა, რაზეც ვსაუბრობთ - პოლიტიკაში ინვესტირება, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი და სუვერენული. სწორედ ეს ათვლა იყო დაწყებული ამ ადამიანის მხრიდან. სწორედ იმას, რასაც თავად უპირისპირდება, შემოაბრუნეს და უნდათ, როგორმე ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად წარმოგვიჩინონ, რაც ფაქტების გარეშე წარმოუდგენელია“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რაც ახლა გამოიკვეთა, რადგან ომთან იყო დაკავშირებული რიგი მოვლენები, პირდაპირ იყო ხელისუფლების შეცვლის მცდელობა.
„თქვენს თვალწინ ხდებოდა ეს. ოპოზიციურ არხებს მინდა მივმართო, რატომ არ სვამთ ამ კითხვებს, რამ გამოიწვია, ხომ ფაქტი იყო, რომ „ისფედი“-ს მსგავსი ცდომილება არასდროს ყოფილა, 3%-იანი, რომელიც დამალული იყო და დეკემბრამდე არ გაამჟღავნა USAID-მა. ეს რასთან იყო დაკავშირებული? ეს ყველაფერი კულუარებში ხომ ვიცოდით. აუცილებელი იყო ამ სიმართლის გაჟღერება. რაც არ უნდა მოგვაკერონ, რომ ჩვენ ანტიდასავლური ძალა ვართ, ვეწინააღმდეგებით რაღაცას, თუ სიმართლის თქმა რუსული ნარატივია, მაშინ ვერასდროს შევთანხმდებით ვერცერთ ოპოზიციურ წარმომადგენლობასთან. ყველაზე მთავარი რაც არის, ამას ძალიან კარგად აღიქვამს ჩვენი საზოგადოება. ამას მოვუწოდებ ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს, ასეთი თამაშები საქართველოს საზოგადოებასთან, მოსახლეობის უმრავლესობასთან და მით უმეტეს კონსტიტუციით და ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ. შესაძლებელია უკვე, რომ პირდაპირი დიალოგით მოხდეს ეს ყველაფერი. საპირისპირო გამოაჩინა ქალბატონმა დეგნანმა, როცა ტვ „ფორმულაში“ მივიდა. ვინც შეიძლება ოლიგარქად მოინათლოს, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც ჩვენს თვალწინ, ხელისუფლებაში 100 ლარით მისული, მილიარდერი გახდა. თავდაცვის მინისტრი იყო და ომის შემდეგ იშოვნა ამდენი ფული. ამაზე კითხვა არავის ებადება და ეს ტელევიზია, რომელიც ოლიგარქის მმართველობაშია, სამართალზე ესაუბრება საზოგადოებას. წარმოუდგენელია, ეს უნდა დამთავრდეს საქართველოში, ეს პროცესები დაძრულია, ვინც რა არ უნდა მოგვაწებოს, შეუძლებელია. ჩვენ ვსაუბრობთ ფაქტებზე, პირდაპირ, ჩვენ ვესაუბრებით დასავლეთს და არა ვინმეს დისკრედიტაცია გვინდა, ჩვენ გვინდა სამართლიანი, ღირსეული პარტნიორობა როგორც დასავლეთთან, ისე ევროკავშირთან“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024