გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგიამ თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინა რეეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა

17-08-2022

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარე ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, მტირალას ეროვნულ პარკში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა ეკოტურისტული კოტეჯების, აჭარული ღვინის სახლისა და კაფეტერიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოგზაურობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.


„წელს, დაცულ ტერიტოროებზე ვიზიტორთა მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 80%-ით მეტია ვიზიტორების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; ვფიქრობთ, წლის ბოლომდე, ეს რაოდენობა გაორმაგდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ დაცულ ტერიტორიებზე შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყოთ, რაც მნიშვნელოვანია ვიზიტორთა მოსაზიდად. პანდემიის პერიოდშიც კი, დაცული ტერიტორიების სააგენტო შეუფერხებლად ასრულებდა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს. შარშან დავიწყეთ 1000 კილომეტრი სიგრძის ბილიკების ქსელის მოწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. მტირალას ეროვნულ პარკში ასევე ხორციელდება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - მტირალას ეროვნული პარკი უკავშირდება კინტრიშის დაცულ ტერიტორიას. ამ პროექტისთვის, დაახლოებით, 7 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. დაცულ ტერიტორიებზე მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ ეკოტურისტული სერვისების განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.


უწყების ცნობით, 2023 წელს დასრულდება მტირალას ეროვნული პარკისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების ქსელისა და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და მოწყობის სამუშაოები თანმდევი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით: თავშესაფრებით, ფანჩატურებით, საცეცხლურებით, ხიდებით, გადასახედებით და სხვა.


მტირალას ეროვნული პარკის უნიკალური ბუნება არაერთხელაა საერთაშორისოდ აღიარებული. მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი მაგალითია დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარებით მიღებული სარგებლის; ერვნული პარკის დაარსების შემდეგ, მიმდებარედ განვითარდა მეფუტკრეობა, მოეწყო მცირე ზომის ტურისტული ობიექტები, სასტუმროების ინფრასტრუქტურა, შეიქმნა სამუშაო ადგილები.


როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი სამაგალითოა საქართველოში და აჭარის მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს მის კიდევ უფრო განვითარებას.


აღსანიშნავია, რომ მტირალას ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა ვიზიტორთა სიმრავლით. ეროვნულმა პარკმა, 2022 წლის 7 თვის განმავლობაში უკვე უმასპინძლა 41 681 ვიზიტორს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ მიქელაძე და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930