გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის „ევრობასკეტი 2022“ გამოშვებას იწყებს

20-08-2022

ევრობასკეტი 2022 - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. საქართველომ  ევრობასკეტის  მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.

 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს  წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტი 2022 - ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 - ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

 

საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი - ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი - სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.

 

ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და  რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და ევრობასკეტი 2022 იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც  წინასწარი შეკვეთით  გაიყიდა.

 

წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში შემდეგი პირობებით:

 

  • 2022 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge

 

  • 2022 წლის 29 აგვისტოდან 2 თვის განმავლობაში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და ყვარლის ფულის  მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) მათი დარჩენილი საფასურის გადახდით,  შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.

 

2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930