გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს „ზეგაანი" და „ოყურეშის უსახელოური" დაემატა

1-09-2022

ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის.


გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი" ა(ა)იპ „ზეგაანმა" და „უსახელოურის ვაზისა და ღვინის დაცვის ასოციაციამ" მიმართეს. ღვინოების წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში მონაწილეობდა.


„ზეგაანი" წითელი მშრალი ქვევრის ბიოღვინოა. მიკროზონა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს. ზეგაანი შეიძლება მხოლოდ ზეგაანის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან დამზადდეს.


„ოყურეშის უსახელოური" წითელი ღვინოა, რომელიც, შაქრიანობის მიხედვით, შეიძლება იყოს სამი სხვადასხვა კატეგორიის: მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი ან ბუნებრივად ნახევრად ტკბილი. „ოყურეშის უსახელოურის" მიკროზონა მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცაგერის ადმინისტრაციულ მუნიციპალიტეტში. ოყურეშის უსახელოური შეიძლება დამზადდეს მხოლოდ მიკროზონაში მოწეული უსახელოურის ჯიშის ყურძნიდან.


ამ ეტაპზე, საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების შემდეგი ღვინოები: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელაური და ზეგაანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930