გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-სა და ტეიკიოს (იაპონია) უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

2-09-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფგო უნივერსიტეტისა და იაპონიის  უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის გააქტიურებასა და გაფართოებაზე ისაუბრეს თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ, ტეიკიოს (იაპონია) უნივერსიტეტის პროფესორმა კაძუია იამაუჩიმ, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ.

 

„თსუ-სთვის მნიშვნელოვანია მეცნიერების, სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაცია. შესაბამისად, უნივერსიტეტს გააჩნია საკმაოდ მრავალრიცხოვანი საერთაშორისო კავშირები. მათ შორის, იაპონიასთანაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ შესაძლებლობებს; ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი შეხების წერტილები, რომელიც ორივე მხარის ინტერესებში შედის,“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.

 

„საინტერესო და მნიშვნელოვანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაცვლითი სასწავლო და კვლევითი პროგრამების არსებობა. ამჯერად, აქცენტი გაკეთდა არქეოლოგიასა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებებზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა შემდგომ თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ.

 

 

გრაკლიან გორაზე თსუ სტუდენტთა არქეოლოგიური პრაქტიკის ბაზაზე ყოფნისას ტეიკიოს უნივერსიტეტის პროფესორი კაძუია იამამუჩი გაეცნო გრაკლიანში აღმოჩენილ არტეფაქტებს, სტუდენტური პრაქტიკის მიმდინარეობას, დაათვალიერა არქეოლოგიის მუზეუმი და არქეოლოგიის კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობაზე ისაუბრა: „გრაკლიანის არქეოლოგიურმა ბაზამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აქ  არის შესანიშნავი შესაძლებლობა როგორც სტუდენტებისთვის, ისე მეცნიერ-მკვლევრებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება ამ კუთხით.“

 

გრაკლიან გორასთან დაკავშირებული სიახლეები გაააცნო იაპონელ კოლეგას თსუ არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა. მისი თქმით, იაპონელი პროფესორი დაინტერესდა პირველ ტერასაზე მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოებით, რომელიც თსუ-სა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით დაიწყო. „ეს სამუშაოები საშუალებას მოგვცემს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში შევისწავლოთ ძველი წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეების ადგილობრივი ქალაქების ურბანიზაციის პროცესი,“- აღნიშნა ვახტანგ ლიჩელმა.

 

თსუ-სა და ტეიკიოს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წელს გაფორმდა, თუმცა COVID19 -ის პანდემიის გამო დაგეგმილი ურთიერთობა ვერ შედგა. ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ. მისი თქმით, „იაპონიის ელჩთან იმამურა აკირასთან და ტეიკიოს უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ კაძუია იამამუჩისთან შეხვედრის შედეგად დაიგეგმა არქეოლოგიის მიმართულებით თანამშრომლობისახალი  დეტალები: სტუდენტების გაცვლა, ყირგიზეთში ერთიობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობა. ასევე, იაპონური მხარე აპირებს თსუ-ში ვორქშოპების ჩატარებას. ყოველივე ეს კი თანამშრომლობის სხვა არეალებსაც გახსნის.“

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930