5-09-2022
ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის" მშენებლობის კაფსულის ჩადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება.
„მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ, მე ვიტყოდი, უნიკალურ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს. ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და, მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორ ჯგუფის" ხელმძღვანელს ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორ ჯგუფს", ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის, თბილისში, კახეთში, აჭარაში, - და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე რომ, მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული, და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე.
მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა ყველა პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და უმაღლესი კლასის პროფესიონალების მიერ არის ჩატარებული აღნიშნული პროექტი. ზოგადად, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს", პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო.
ჩვენ დღეს ქვეყანაში გვჭირდება ასეთი პროექტების განხორციელება, დიდი მასშტაბური პროექტების განხორციელება. ის ფაქტი, რომ ჯგუფმა გადაწყვიტა ასეთი მასშტაბური პროექტის დაწყება და განხორციელება, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველოში არის უნიკალური პირობები შექმნილი.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ, პირველ რიგში, მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც, რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, მეტ შემოსავალს, დოვლათს და მეტ კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ოცნება. კიდევ ერთხელ მადლობა, გისურვებთ წარმატებებს". - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და "ამბასადორ ბათუმი აილენდის" თანადამფუძნებელმა ფრიდონ ქათამაძემ.
უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი - "ამბასადორ ბათუმი აილენდი" ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელ-სამკურნალო, საცხოვრებელი და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა აშენდება. პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციით ხორციელდება. „ამბასადორ ჯგუფი" პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. მშენებლობაზე 2000 ადამიანი დასაქმდება.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ,,ამბასადორ ჯგუფის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024