8-09-2022
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა SDSU-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მიხეილ ჩხენკელმა ამ კუთხით სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და SDSU-ს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობა. ადამიანური კაპიტალის განვითარება წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზი გავუსვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის გავლენას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანური კაპიტალისა და სამუშაო ძალის გაუმჯობესებით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
მსურს, მადლობა გადავუხადო სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელ ადელატორეს საქართველოში STEM განათლების განვითარების ხელშეწყობისა და მხარდაჭერისთვის.
SDSU საქართველო არის კომპაქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ამერიკულ სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოში დაახლოებით 800 სტუდენტი ირიცხება. უნივერსიტეტი ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას STEM ინიციატივის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
მქონდა პატივი, დავსწრებოდი წლევანდელი დიპლომების გადაცემის ცერემონიას და პირადად შევხვედროდი SDSU-ს რამდენიმე გამორჩეულ კურსდამთავრებულს საქართველოში. ეს არის საქართველოს პროფესიონალთა ახალი თაობა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარებაში. ნამდვილად საამაყოა ის შედეგები, რასაც SDSU-სა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე მივაღწიეთ.
უმაღლესი განათლების ტრანსფორმაცია STEM დისციპლინებში და უახლესი STEM განათლების მიწოდების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში საერთაშორისო კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მოსამზადებლად, რომელიც გააგრძელებს ამ პროექტის წარმატებას მომავალი ათწლეულების განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ SDSU ახორციელებს აშშ-ს მიერ დაფინანსებულ პროექტს "STEM კვლევისა და აკადემიური განათლების მხარდაჭერა საქართველოში", რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მეცნიერების კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საერთაშორისო კვლევის სტანდარტებისა და მიდგომების შესაბამისად.
მოხარული ვარ, რომ SDSU აგრძელებს მუშაობას საქართველოში – სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა კომპაქტის მიღმა მდგრადობის გეგმა, რომელსაც ჩვენ ამჟამად განვიხილავთ.
დასასრულს, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად მე, სრულად ვუჭერთ მხარს SDSU-თან პარტნიორობის გაგრძელებას.
სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დელატორეს კიდევ ერთხელ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმისათვის, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს SDSU-ს სტრატეგიული განვითარებისა და ინტერნაციონალიზაციის დღის წესრიგში.“
SDSU საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა: სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორებმა და დეკანებმა, ფონდ ქართუს წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის დონორმა ორგანიზაციებმა და სხვა.
16-11-2024
16-11-2024