გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი დავით უსუფაშვილის განცხადებაზე: დაცლილია სიმართლისგან და აბსოლუტურად მანიპულაციური

9-09-2022

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი იყოს ფართო. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს დიდი არჩევანი. ეს უნდა იყოს თანაბრად მოსაწონი და მისაღები, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ჩვენთვის. უმრავლესობის ფრაქციის გარდა, 5 პოლიტიკური ჯგუფია, რომლებსაც უფლება აქვთ დაასახელონ კანდიდატი. ყველას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლად დასახელების უფლება. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს დამოუკიდებელი დეპუტატები ( თუ არ ვცდები 15-ია) და მათაც შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ კანდიდატის დასახელების. მინიმუმ 7-ის დასახელება შეუძლიათ, მაგრამ შეუძლიათ ათიც დაასახელონ და შვიდმეტიც. 7-ზე ნაკლების არა, იმიტომ, რომ არჩევანი ფართო უნდა იყოს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


რაც შეეხება "ლელოს" დეპუტატის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომ პირველ მოსმენასთან შედარებით, მეორე მოსმენისას უარესი პუნქტები აღმოჩნდა რეგლამენტში ჩაწერილი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს "დაცლილია სიმართლისგან და აბსოლუტურად მანიპულაციურია".


მისი შეფასებით, „ლელოს“ წარმოდგენაა, რომ კანდიდატი უნდა იყო ისეთი, რომელიც მას მოსწონს და ამას „ქართული ოცნება“ უნდა დაეთანხმოს.


„ძალიან სამწუხარო განცხადებაა, დაცლილია სიმართლისგან და აბსოლუტურად მანიპულაციურია. ყველა შენიშვნა, რაც შინაარსთან დაკავშირებით იყო, გათვალისწინებული იქნა. შენიშვნა შეეხებოდა იმას, რომ ის რაც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებაშია, გადატანილიყო რეგლამენტში. გადმოვიტანეთ რეგლამენტში.


ომბუდსმენთან დაკავშირებით გვაქვს კვალიფიციური უმრავლესობის წესი, რომელიც არც ერთ პარტიას პარლამენტში არ აქვს, მათ შორის, ჩვენც. ამავე დროს, ვერც ერთი პარტია ურთიერთ შეთანხმებით ჩვენს გარეშე ომბუდსმენს ვერ აირჩევს, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იმდენი ხმა, რომ ჩვენს გარეშე 90 ხმა ვერ მოგროვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეირჩეს ისეთი პირი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება, როგორც ოპოზიციისთვის, ასევე ჩვენთვის. „ქართული ოცნება“ უნდა დაიყოლიონ მათ მოსაწონ კანდიდატზე, რაც არის არადემოკრატიული. 2%-იანმა პარტიამ ე.ი. უნდა მოიწონოს კანდიდატი და დაითანხმოს პარტია, რომელსაც უკან უდგას მილიონიანი ამომრჩეველი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.


კითხვაზე, თუ რატომ უნდა დარეგულირდეს სახალხო დამცველის არჩევა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, როდესაც არსებობს რეგლამენტი, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი რეგლამენტში ვერ ჩაიწერება. მისი თქმით, არ არსებობს რამე საკითხი, სადაც საფრთხეც კი არსებობდეს, რომ ისეთი პუნქტი ეწეროს, რომელიც რეგლამენტის ტექსტს შეცვლის.


„ესეც გამოგონილია. პროექტი ნანახი აქვთ მათ და იციან რაზეც არის საუბარი. ბრძანებაში საუბარია იმაზე, რომ განცხადება უნდა გამოქვეყნდეს „ფეისბუქის“ ვებ-გვერდზე. კანდიდატმა განცხადებაში რა დოკუმენტები უნდა დაურთოს, ეს წერია. ასევე წერია, რომ ქულებით უნდა შეფასდეს, აბსოლუტურად ტექნიკური საკითხები.


რაც შეეხება ერთჯერადობის საკითხს, მუდმივი წესი რომ ყოფილიყო, კიდევ უფრო მეტი კამათი იქნებოდა. მთავარია ვნახოთ ეს პრაქტიკაც. თუ ეს წესი იმუშავებს, შეიძლება მუდმივ წესადაც ჩამოყალიბდეს. თუმცა ერთჯერადობას აქვს განსაკუთრებულობაც, „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ის თავად არ დაასახელებს კანდიდატს. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ჩვენი გახსნილობა, რომ ჩვენ ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებული ინტერესი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გვინდა იყოს გამართული ომბუდსმენის ინსტიტუტი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.


ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი სახალხო დამცველის პასუხისმგებლობა იქნება, რომ თავისი ვადა პასუხისმგებლობით განვლოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930