12-09-2022
გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10.4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი.
„დღეს მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივაწოდო ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში ჩავაბარო ბიუჯეტთან დაკავშირებით. მანამდე მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ, გასულ წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10.4%-ით და წელსაც დავიწყეთ ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდით ეს წელი. პირველ შვიდ თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 10,3%.
ასევე შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი წელს დაიგეგმა 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი იყო 64,8 მლრდ ლარი. ასევე პროგნოზირებული იყო საქონლის ექსპორტის ზრდა დაახლოებით 13%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენა, 2019 წელთან შედარებით 70%-ის ფარგლებში.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ახალი რისკები შექმნა; არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს, ევროპას. ჩვენ მაშინ გვქონდა მსჯელობა და რომ არა ჩვენი სწორი პოლიტიკა, შესაძლებელია დღეს არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ეკონომიკური ვარდნაც კი ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც დღეს მსოფლიოში.
ამ პერიოდში ჩვენ გვაქვს შემდეგი პარამეტრები: საქონლის ექსპორტის მაჩვენებელი 3,1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 36%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს; ასევე მინდა ვთქვა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს 1,6 მლრდ აშშ დოლარს, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციების მოცულობამ წლის პირველ კვარტალში 922 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელს 62%-ით აჭარბებს; ასევე მინდა ვთქვა, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვები იანვარ-ივლისის პერიოდში გაზრდილია 21%-ით; ეს ნიშნავს, რომ წელს, პირველ 7 თვეში, კვლავ ორნიშნა - 10.3%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.
ამიტომ, ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების წლიური პროგნოზებიც და განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზები ითვალისწინებს შემდეგს: რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8,5% იქნება, ნაცვლად 6%-ისა; ფაქტიური მაჩვენებლების გათვალისწინებით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 10,5%-ს; ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი განსაზღვრულია 72,2 მლრდ ლარით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 6500 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1 266,0 მლნ ლარით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024