14-09-2022
IDA-ს დონორი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გამოხატოს სოლიდარობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის საქმიანობაში საერთაშორისო ასპარეზზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მსოფლიო ბანკის მმართველმა საქართველოს მხრიდან ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წლის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დღეს საქართველო ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას როგორც დონორი სახელმწიფო.
„დღევანდელი დღე ჩვენი თანამშრომლობის შთამბეჭდავი განვითარების ისტორიის კიდევ ერთი დასტურია. საქართველო მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დახმარების მიმღებიდან დონორის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა. ჩვენ ვამაყობთ და მადლობას ვუხდით მსოფლიო ბანკს ამ შესაძლებლობისთვის. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD), საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ბანკის სხვა ინსტიტუტების მეშვეობით, მსოფლიო ბანკის დახმარება ყოველთვის დროული, ეფექტიანი და სრულ თანხვედრაში იყო საქართველოს განვითარების პრიორიტეტებთან," - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა ღირებულია არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით. მისი თქმით მნიშვნელოვანია ის ანალიტიკური თუ საკონსულტაციო მხარდაჭერა, რომელსაც ბანკი ახორციელებს თითოეული პროექტისა თუ პროგრამისთვის.
„მსოფლიო ბანკი მონაწილეობს ყველა საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაში. მაგალითად, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, რომლის მშენებლობაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ბევრი წარმატებული პროექტი განხორციელდა და კვლავ მიმდინარეობს საგზაო, კომუნალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, ინოვაციებისა და სხვა მიმართულებით. სერიოზული რეფორმები განხორციელდა და ხორციელდება ენერგეტიკაში, რაც მოიცავს როგორც გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, არსებული ქვესადგურების რეაბილიტაციას, ისე ენერგეტიკის მარეგულირებელი სისტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების რეფორმის მნიშვნელობასა და მსოფლიო ბანკის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებზე.
„განათლება და ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, არის ის მთავარი გასაღები, რომელიც ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო განვითარებულ საზოგადოებაში სწრაფად ინტეგრირებაში შეუწყობს ხელს. მსოფლიო ბანკს აქვს უზარმაზარი გამოცდილება და პოტენციალი ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით, რაც ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის მნიშვნელოვან ქვაკუთხედს წარმოადგენს," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა, სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმა. მისი თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის გეგმებთან.
„დარწმუნებულები ვართ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა, კვლავ გაგრძელდება და მაქსიმალურად ხელს შეუწყობს მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრი შეეხო გლობალური პანდემიის პირობებში მსოფლიო ბანკისგან მიღებულ ფინანსურ დახმარებასაც, რომლის მეშვეობით ქვეყანაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, როგორც დაავადების პრევენციის, დიაგნოსტირებისა და სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვის მიმართულებით, ასევე, მიზნობრივი სოციალური პროგრამების დაფინანსებისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსური გაძლიერების კუთხით.
გამოსვლის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს, მის რეგიონულ წარმომადგენლობას თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში აღნიშნული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტი წარმატებით გაგრძელდება.
16-11-2024
16-11-2024