14-09-2022
„საქართველოში წელს პირველად გაიმართა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი, რომელზეც ვიმსჯელეთ საქართველოს შესაძლებლობებზე ციფრული კავშირებისა და მონაცემთა ცენტრების მოწყობის კუთხით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზად ვართ, საქართველო გადაიქცეს რეგიონულ მონაცემთა გაცვლის ჰაბად", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამ თვალსაზრისით, საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით დღევანდელი მოვლენების ფონზე, საქართველო როგორც სანდო დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი კავშირი ევროპასა და აზიას შორის, ბევრი ქვეყნისთვის აქტუალურია.
„მათ შორის ჩვენ განვიხილავთ შავი ზღვისქვეშა კავშირს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ევროპა და აზია მონაცემთა გაცვლის კუთხით პირდაპირ დავაკავშიროთ ერთმანეთთან და რა თქმა უნდა, საქართველოში, გარდა მონაცემთა გაცვლის სატრანზიტო ფუნქციისა, გაჩნდეს მონაცემთა ცენტრები. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს - გაგვაჩნია ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა და შესაბამისად, ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით საქართველოს სანდოობა ზოგადად არის ძალიან მაღალი. ეს საშუალებას მოგვცემს მოვიზიდოთ ინვესტიციები და საქართველოში შემოვიდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა ამაზონი, გუგლი, ეფლი, სხვა მსხვილი კომპანიები და აქ მოეწყოს მონაცემთა ცენტრები, მოხდეს მონაცემთა გაცვლა რეგიონის მეზობელ ქვეყნებს შორის. ასევე საქართველოში იყოს ის კვანძი, რომელიც ინტერნეტ კავშირს დაამყარებს აზიის სხვადასხვა ქვეყნებსა და ევროპას შორის უმოკლესი კავშირის მეშვეობით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეს ძალიან მნიშველოვანი წინაპირობა იქნება, რომ ციფრული ტრანსფორმაცია დაჩქარდეს, რაც ყველა დარგის განვითარებას უკავშირდება და ზოგადად ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
„საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით იმართება და რეგიონთაშორისი ციფრული დერეფნების განვითარებას ეძღვნება.
სამიტში ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ერთობლივი დეკლარაციის მიღება.
16-11-2024
16-11-2024