14-09-2022
კომუნიკაციების კომისიამ გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების განვითარებასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. კონფერენციაზე USAID-ის ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები განიხილეს და შეაჯამეს. კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ UNICEF-ისა და კომისიის ერთობლივი პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც კომისია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.
მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა დახუნდარიძემ, UNICEF-ისა და კომისიის ერთობლივ პროექტის შესახებ მიაწოდა მონაწილეებს ინფორმაცია, ასევე, პროექტის მენეჯერმა, ანი გვეტაძემ, გააცნო პროექტის ფარგლებში, სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების საფეხურისთვის შემუშავდება მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული მასწავლებლებისთვის. პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით გადამზადდებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები.
"მოგეხსენებათ, რომ კომუნიკაციების კომისია 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე. დეზინფორმაცია, მისინფორმაცია, ყალბი ახალი ამბები -თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. ამ ყველაფერთან ბრძოლის მთავარი იარაღი კი მედიაწიგნიერებით, ცოდნით შეიარაღებული მოქალაქეა. მიხარია, რომ ამჯერად გვაქვს შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უშუალო ჩართულობით განხორციელდება. სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, კომისიამ უკვე განახორციელა არაერთი წარმატებული პროექტი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, თუმცა ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ, რომელმაც კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, სწორედ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
16-11-2024
16-11-2024