16-09-2022
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სკოლის დაარსების 12 წლის იუბილე და სწავლის დაწყება გელათის საკათედრო ტაძრის ეზოში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს.
სიტყვით მიმართვისას ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სასწავლებლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილეს ყურადღება და კადეტებს წარმატებები უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში გელათის აკადემიასთან და საკათედრო ტაძართან განლაგებულმა კადეტებმა კადეტის მრწამსი წაიკითხეს. ლიცეუმის სამხედრო მოსამსახურეები და მასწავლებლები კი, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ღონისძიება კულტურული პროგრამით გაგრძელდა. კადეტებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია -“მგლის ლეკვები იზრდებიან ისევ“. დღესვე, კადეტთა ნახატებისა და გაზეთის პრეზენტაციაც გაიმართა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების მაღალჩინოსნები დაესწრნენ. კადეტები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმაც დალოცა.
16-11-2024
16-11-2024