21-09-2022
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას გამოეხმაურა და მას რეალობას აცდენილი და სამარცხვინო უწოდა.
„საქმე მარტივადაა და ჩვენი პოზიციაც ძალიან ცხადია - არის ორი გამოკვეთილი, ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ გამოდის პოლიტიკური რიტორიკით, თავიდან ბოლომდეა შესული პოლიტიკაში. ეს განცხადება აღარც კი გვიკვირს იმ ფონზე, რომ ისინი პირდაპირ სცენაზე იდგნენ და მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვდნენ. ეს ორგანიზაცია თავიდან ბოლომდეა შესული პოლიტიკაში. ბუნებრივია, გიგაურის განცხადება ამის მორიგი გამოვლინება იყო. აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, რას მან თქვა. პრინციპში, ეს განცხადება სამარცხვინო იყო. მეორე - მან ამით კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს არა არასამთავრობო ორგანიზაცია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც საქართველოში მოქმედებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ხელისუფლებაზე საუბრისას, განაცხადა: „ცდილობენ, რომ ჩვენი ხალხი იყოს ღარიბი, იმიტომ, რომ როცა ადამიანები არიან ღარიბები, მათი მანიპულაცია არჩევნების დროს არის ძალიან მარტივი. ძალიან მარტივია, რომ დააჯერო მათ მართლა სიგიჟეებს, რომ ვიღაცას ომი უნდა“.
16-11-2024
16-11-2024