გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არასოდეს აირჩევს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომლის დროშაზეც პირდაპირ წერია- „თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“

22-09-2022


კარგად გამოჩნდა ამ ყავლგასული პოლიტიკოსებისა და მათი რუპორების კომენტარებიდან მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობანად დასრულდა - თავდასხმელიც დააკავეს და მძევლებიც უვნებლად გაათავისუფლეს. შეკუმშული გულები ბოღმისგან რომ არ გასკდომოდათ, მაშინვე დაიწყეს მესიჯების გავრცელება, რომ ასე დასრულებული ოპერაციაც კი იყო ხელისუფლების მარცხი- ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

 

კაკაბაძე ციტირებს სხვადასხვა ოპოზიციონერების თუ მედია საშუალებების განცხადებებს, ქუთაისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. როგორც ის აღნიშნავს, ყველა ქვეყანაში ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რისი წინაპირობაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის გავლენის შესუსტებაა, ხოლო მათი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ხელისუფლება შეგნებულად მტრობს ქვეყანას და ის ფაქტიც კი, რომ აქ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობაა შენარჩუნებული, ხელისუფლების მინუსად უნდა შეფასდეს და არა პლიუსად.

 

„გულშემოყრილი ოპოზიცია მთელი გუშინდელი დღის მანძილზე ყველა დაძაბული და გულშეკუმშული ვუყურებდით ბანკში შეჭრილი მძარცველის მიერ მძევლად აყვანილთა დრამას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გული იმაზე ეკუმშებოდათ, ეს ყველაფერი უსისხლოდ ან დასრულდეს და მძარცველი არ დააკავონ, თორემ პოლიტიკურ ქულებს ხელისუფლება ჩაიწერსო. ეს რომ ნამდვილად ასე იყო, კარგად გამოჩნდა ამ ყავლგასული პოლიტიკოსებისა და მათი რუპორების კომენტარებიდან მას შემდეგ, რაც ყველაფერი მშვიდობანად დასრულდა - თავდასხმელიც დააკავეს და მძევლებიც უვნებლად გაათავისუფლეს. შეკუმშული გულები ბოღმისგან რომ არ გასკდომოდათ, მაშინვე დაიწყეს მესიჯების გავრცელება, რომ ასე დასრულებული ოპერაციაც კი იყო ხელისუფლების მარცხი. მიხეილ მაჭავარიანი: “დღეს უყურეთ პოლიციელების რეაქციას? როგორ საუბრობდნენ. ეს სტილია მათი. ანუ რიჟვაძეს ბაძავს ყველა. არ შეიძლება მქონდეს განცდა, რომ ეს პოლიციელები დაიცავენ წესრიგს. მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და ძალიან კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის დროს ჩატარებული, ასეთი ტიპის ბრწყინვალე ოპერაციები, რომლებიც ვერ შეედრება ამ ოპერაციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება კარგი იყო”. ამას აცხადებს კაცი, რომელიც შევარდნაძის პარტიის გენერალური მდივანი იყო და ისე ამბობს, შევარდნაძის ხელისუფლება ცუდი იყოო, თითქოს თვითონ არ იყო ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი და დღე და ღამე მის ქებაში არ ათენ-აღამებდა. გიორგი ვაშაძე: „ის რაც დღეს ქუთაისში ხდებოდა, სურათია იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. აბსოლუტურად ჩამოშლილი, გახრწნილია სისტემა თავიდან ბოლომდე. სამართალდამცავებს აქვთ ერთადერთი ამოცანა, შეასრულონ პოლიტიკური დავალებები. ფაქტობრივად ისინი კრიმინალს ვეღარ ებრძვიან იმიტომ, რომ ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალთან. პირდაპირ ვამბობ, კორუმპირებილ, გახრწნილ, პრორუსულ ადამიანებს, რომლებიც ფეესბესთან დადიან შეხვედრებზე, არასდროს ცალიათ ადამიანის უფლებათა დაცვისთვის. აქ დიდი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი ბედავს დღისით მზისით ამის გაკეთებას, დანაშაულის ჩადენას. პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ არ მოხდეს დანაშაული, თუ მოხდა სწრაფად გამოიძიოს. ის, რომ სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა, ეს გამართლების ფაქტორებია. პოლიცილები, რომლებიც ბანკის ფანჯარასთან მივიდნენ, რომელიმეს პროფესიონალიზმი შეატყვეთ? მძევალს ელპარაკებოდა: გააჩუმე ენა. რა ლაპარაკია ეს? გამართლებაა ეს ყველაფერი, სადღაც არ გაგვიმართლებს“. ამ კაცს საერთოდ არ გაუგია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებშიც დღისით ხდება დანაშაული და მით უმეტეს, ბანკების გაძარცვის მიზნით მძევლების აყვანა (აბა ღამით ბანკები დაკეტილია). არც ისეთი დებილია ვაშაძე, მართლა ეგონოს რომ ექსტრემალურ სიტუაციებში დემოკრატიული ქვეყნების პოლიციელები ყველას (და მათ შორის მძევლებსაც) ნოტებზე ელაპარაკებიან. ნაცების რუპორი ტვ-1-ის ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია: „ხედავთ, შინაგან საქმეთა მინისტრი ოპერაციის შემდეგ ისე გაიპარა, რომ კომენტარის გაკეთებაც ვერ გაბედა“. ანუ, დამნაშავის გაუვნებელყოფისა და მძევლების განთავისუფლების ოპერაცია მინისტრმა ყველა პარამეტრის მიხედვით უმაღლესი პროფესიონალიზმით ჩაატარა, უმაღლესი შედეგით დაასრულა და ეს მართლა ქაჯი ჟურნალისტი ამბობს, ხედავთ, ამ მინისტრმა კომენტარის გაკეთება ვერ გაბედა და გაიპარაო. მანამდე, ოპერაციის დასრულების პირველივე წუთებში, აქცენტის არაარსებითი მიმართულებით გადატანის მიზნით ეს ქაჯი და მისი ნაცრუპორი კოლეგები იმაზე ედავებოდნენ შსს-ს პრეს-ცენტრის წარმომადგენლებს, რატომ მოახერხა რუსთავი-2-ის ჟურნალისტმა ბანკის შიგნით კადრების გადაღება და ჩვენ რატომ არ შეგვიშვესო. რაც შეეხება ნაცების რუპორი ტელევიზიების ზოგად პოზიციებს, ისინი ზრდილობის გულისთვის კი ამბობდნენ, რა კარგია, რომ ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდაო, მაგრამ შემდეგ პოლიციისა და ხელისუფლების იმხელა ლანძღვა-გინებას აყოლებდნენ, რომ ყველაფერში ეტყობოდათ, როგორი იმედგაცრუებულები იყვნენ ოპერაციის ასეთი დასასრულით. ყველა ქვეყანაში ოპოზიციის მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა, რისი წინაპირობაც, რასაკვირველია, მმართველი პარტიის გავლენის შესუსტებაა და ისიც გასაგებია, რომ ამ მიზნის მიღწევისთვის იბრძვიან ოპოზიციური პარტიები ყველგან. მაგრამ ალბათ იშვიათია რომელიმე ქვეყანაში ისეთი ოპოზიცია, რომლებიც ნაცებისა და მათთან აფილირებული პარტიების თუ პროპაგანდისტებად ქცეული მედიისა და არასამთავრობოების მსგავსად ყველაფერს აკეთებდნენ სახელმწიფოს ინტერესების დასაზიანებლად, რადგან მათთვის მმართველი პარტია სახელმწიფოსთან ასოცირდება და მათ მთავარი მიზანი იმის ჩვენება კი არ არის, რომ მმართველები რაღაცას სწორად ვერ აკეთებენ, რაღაც ეშლებათ, რაღაცას ოპოზიცია უკეთ გააკეთებდა და ა. შ. არა, მათი მიზანი მხოლოდ იმის ჩვენებაა, რომ თითქოს ხელისუფლება შეგნებულად მტრობს ქვეყანას, რომ ხელისუფლება მტრის მე-5 კოლონაა, რომ ხელისუფლება ყველაფერს სპეციალურად აფუჭებს და ის ფაქტიც კი, რომ აქ ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური სტაბილურობაა შენარჩუნებული, ხელისუფლების მინუსად უნდა შეფასდეს და არა პლიუსად. ორიოდე დღის წინ მათი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გირჩი ჯაფარიძე ხელისუფლებას იმას უწუნებდა, რა დროს მშვიდობაზე საუბარია, ხელისუფლება რატომ ისე არ იქცევა, რუსების ერთი 10ათას¬კაციანი სამხედრო კონტინგენტი მაინც დააკავოს აქ, რომ რუსებმა ეს მეომრები უკრაინაში ვერ წაიყვანონო? როცა ჩაეკითხნენ, როგორო, ვერც იმის თქმა გაბედა, რუსების ჯარს სოხუმში ან ცხინვალში დავცხოთო და ვერც ის ახსნა, სხვანაირად როგორ უნდა „დაეკავებინა“ ხელისუფლებას ეს 10 ათასი კაცი აქ. მერე უკვირთ, რატომ ხდება, რომ ოპოზიციის რეიტინგი ვერ იზრდება და კლებულობს. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების დიდი უმრავლესობა არასოდეს აირჩევს ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომლის დროშაზეც პირდაპირ წერია: „თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ჭირსაც წაუღია ასეთი სამშობლოო“- წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930