25-09-2022
მსოფლიოს 200 უნივერსიტეტის წარმომადგენელი 300 მეცნიერი მონაწილეობს კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში (CLAS 2022), რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს. თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის და კურტ გიოდელის საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით გამართული ღონისძიება აერთიანებს ექვს კონფერენციას, სამ სეზონურ სკოლას და ერთ ვორქშოფს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში იმართება ყველაზე დიდი თავყრილობა იმ სპეციალისტებისა, რომლებიც მუშაობენ მათემატიკურ ლოგიკაში. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ჩვენი მეცნიერებისთვის, მკვლევრებისთვის, ასევე, მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის, რომლებიც მუშაობენ სამომავლო ტექნოლოგიებზე. რა თქმა უნდა, ფანტასტიკური შესაძლებლობაა ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომ დაინახონ თუ რა მიმართულებით განვითარდება ეს დარგი უახლოეს მომავალში.“
სამიტში შემავალი კონფერენციები და სკოლები კომპიუტერული ლოგიკის, თეორიული კომპიუტერული მეცნიერებების და კომპიუტერული მათემატიკის სხვადასხვა მიმართულების წამყვანი ტრადიციული ღონისძიებებია, რომლებიც მრავალი წელია, ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათ შორის: ინტელექტუალური კომპიუტერული მათემატიკის მე-15 საერთაშორისო კონფერენცია; დეკლარაციული პროგრამირების პრინციპებისა და პრაქტიკის 24-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი; ლოგიკაზე დაფუძნებული პროგრამათა სინთეზის და გარდაქმნის 32-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი; პროგრამათა აგების მათემატიკის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია; გამოთვლების თეორიული ასპექტების მე-19 საერთაშორისო კოლოკვიუმი; გაშვების ვერიფიკაციის 22-ე საერთაშორისო კონფერენცია; გადაწერის მე-13 საერთაშორისო სკოლა; გამოთვლების თეორიული ასპექტების საერთაშორისო კოლოკვიუმის საზაფხულო სკოლა;
თბილისის მე-16 საერთაშორისო სკოლა ლოგიკასა და ენაში; ციფრულ დამტკიცებათა ევროპული კვლევითი ქსელის EuroProofNet-ის ვორქშოფი დამტკიცებების დიდი ბიბლიოთეკების შემუშავებაზე, მომსახურებაზე, რეფაქტორიზაციასა და ძებნაზე.
„ეს შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის მსოფლიოს ყველა რეგიონიდან, რომ შეიკრიბონ და განიხილონ მეცნიერების ის საკითხები და ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა ლოგიკა, ენა და მასთან დაკავშირებული თემები. იმ ადამიანებს შორის, რომლებიც პროგრესზე ფიქრობენ, აუცილებელია მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიის ძირითად ფორმებზე ინფორმაციის გაცვლა. ეს არის შესაძლებლობა, რომ გავერთიანდეთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, იდეები და ვისწავლოთ ერთმანეთისგან,“- აღნიშნა თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ნახუმ დერშოვიცმა.
კომპიუტერული ლოგიკის საშემოდგომო სამიტში მომხსენებელთა და პროგრამული კომიტეტების წევრთა სახით ჩართულია 300‐მდე მეცნიერი მსოფლიოს 35 ქვეყნის 200‐ზე მეტი უნივერსიტეტიდან. სეზონურ სკოლებზე მოწვეული არიან ლექტორები ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან, ხოლო დამსწრეები არიან როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუდენტები. სამიტის ორგანიზებაში უცხოელ მეცნიერებთან ერთად ჩართულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
„კომპიუტერული ლოგიკის შემოდგომის სამიტი აერთიანებს 6 საერთაშორისო კონფერენციას და სამ სეზონურ სკოლას. ეს კონფერენციები 30 წელზე მეტია ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და სარგებლობენ მაღალი რეიტინგით. წელს ის ფაქტი, რომ ეს კონფერენცია ჩატარდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხაზს უსვამს იმას, რომ კონფერენციების კომიტეტის წევრები ენდობიან ქართველ მეცნიერებს და ისინი დათანხმდენენ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდეს ეს კონფერენციები. აღსანიშნავია, რომ მაგალითად ერთ-ერთი კონფერენცია, რომელიც არის ამ სამიტის ნაწილი, მომავალ წელს ტარდება კემბრიჯის უნივერსიტეტში,“-განაცხადა თსუ ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა ბესიკ დუნდუამ.
სამიტში შემავალ კონფერენციებს და სკოლებს საკმაოდ დიდი ხნის ტრადიცია აქვთ, მაგრამ მათი ისეთი კოლოკაცია ერთიანი ქოლგის ქვეშ, როგორსაც CLAS გვთავაზობს, პირველად ხდება. ეს საშუალებას მისცემს მასში მონაწილე მეცნიერებს მოკლე პერიოდის განმავლობაში შეხვდნენ, თავიანთი შედეგები გააცნონ და იდეები გაუზიარონ კომპიუტერული მეცნიერებების, ლოგიკის და მათემატიკის სხვადასხვა ქვედარგში მომუშავე ბევრ კოლეგას. სამიტი მნიშვნელოვანია ქართველი მეცნიერებისთვისაც, რომელთაც შეეძლებათ ადგილზე გაეცნონ მოწინავე კვლევებს კომპიუტერულ ლოგიკაში, გაიცნონ და საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ წამყვან სპეციალისტებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამიტის როლი ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, რომელთაც კონფერენციების გარდა, სეზონურ სკოლებში მონაწილეობითაც შეუძლიათ თავიანთი ცოდნის და კომპეტენციის გაღრმავება და ცნობილ ექსპერტებთან პირადი ურთიერთობების დამყარება. ის ფაქტი, რომ ამ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კონფერენციებისა და სკოლების მმართველი კომიტეტები დათანხმდნენ მათ საქართველოში ჩატარებას, მიუთითებს იმ ნდობასა და ავტორიტეტზე, რითაც სამიტის საორგანიზაციო კომიტეტში შემავალი ქართველი მეცნიერები სარგებლობენ უცხოელ კოლეგებს შორის.
სამიტის სპონსორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Amazon Web Services, AnyDesk, Runtime Verification Inc და Springer. სამიტის ფარგლებში „შპრინგერი” მოაწყობს თავისი წიგნების გამოფენა-გაყიდვას, მათი წარმომადგენელი კი გეგმავს ქართველ მეცნიერებთან შეხვედრას საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემათა თანამედროვე მიმართულებების საკითხზე.
16-11-2024
16-11-2024