26-09-2022
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მედია პლატფორმაზე Bloomberg ახალი პროექტი დაიწყო. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ორ ვიდეორგოლს იღებს, მომზადდება სამი სტატია, რომელიც სოციალურ ქსელებში განთავსება (Facebook, Twitter, Instagram).
პროექტის ფარგლებში Bloomberg-ის გადამღები ჯგუფი თბილისში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მუშაობს.
ერთ კვირიანი გადაღებები საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმს (ჰელი-სქი, თრექინგი და კლდეზე ცოცვა), მღვიმეებს და კანიონინგს, კულტურას (ფოტოგრაფია, არქიტექტურა, მუსიკა, მოდა) მოიცავს. გადამღები ჯგუფის წევრებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი შეხვდა.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მედია პლატფორმის Bloomberg წარმომადგენლები იმყოფებიან. გადამღები ჯგუფი მოინახულებს ტურისტულ ლოკაციებს, გადაღებული მასალა განთავსდება Bloomberg-ის გვერდებზე რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას მიზნობრივ ბაზრებზე. ეს დაგვეხმარება საზღვარგარეთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი“,-განაცხადა თამაზ იორაშვილმა.
„ჩვენ ორ კლიპს ვიღებთ Bloomberg მედიისთვის. ჩვენი აუდიტორია ძირითადად ბიზნესის, ფინანსებისა და აღმასრულებელი სფეროს წარმომადგენლებს მოიცავს, აგრეთვე ახალგაზრდულ აუდიტორიასაც. ჩვენ მათთვის რეკლამას ვამზადებთ საქართველოს შესახებ, ეს არის ქვეყანა სადაც უნდა ჩახვიდე. ამ სარეკლამო კამპანიის თემაა საქართველო დაფარული მარგალიტი. ყველამ ვიცით ფრანგული ალპების, შვეიცარიაში თხილამურებით სრიალის შესახებ, მაგრამ ჯერ არ გვინახავს საქართველო და სწორედ ეს უნდა ვაჩვენოთ Bloomberg-ის მაყურებელს. Bloomberg ამ კამპანიაში მონაწილეობს, ის საქართველოშია და იკვლევს ამ მშვენიერ ქვეყანას“,- ამბობს ქალამ იანგსონი Bloomberg-ის კრეატიული დირექტორი.
კამპანიის ფარგლებში საქართველოს შესახებ სარეკლამო ვიდეო რგოლებსა და სტატიებს ჯამში 6 მილიონზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ეყოლება მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე: დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ესტონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ომანსა და ისრაელში. კამპანია ხელს შეუწყობს საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
16-11-2024
16-11-2024