29-09-2022
ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WOAH) და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ვეტერინარი პარაპროფესიონალების (ვეტერინარი- ტექნიკოსი) საგანმანათლებლო პროგრამის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ WOAH-ს ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მერეკე ტაიტუბაევი და ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ, რომელიც ასევე WOAH-ს დელეგატი და ევროპის რეგიონული კომისიის ბიუროს გენერალური მდივანია, მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ორგანიზაციის ექსპერტების ჩართულობა და ვეტერინარი-ტექნიკოსების თანამედროვე მიდგომებით გადამზადება, რაც უმთავრესი წინაპირობაა ძლიერი ვეტერინარული სერვისების ჩამოყალიბებისთვის.
,,საქართველო არის წამყვანი ქვეყანა რეგიონში. აქ ვხედავთ, წარმატების ისტორიას, სადაც დანერგილია ჩვენი სტანდარტები. ვეტერინარი პარაპროფესიონალების სისტემის შექმნა არის მთავარი ელემენტი ყველა საჭირო ვეტერინარული ღონისძიების ხელმისაწვდომობისთვის, არა მხოლოდ ცხოველების დასაცავად, არამედ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვისაც"-აღნიშნა მერეკე ტაიტუბაევმა.
მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში განიხილეს საქართველოში არსებული ვეტერინარული მიმართულების პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმა და WOAH-ს გაიდლაინებთან დაახლოების პერსპექტივა.
შეხვედრას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
16-11-2024
16-11-2024