29-09-2022
ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სრულუფლებიან კონფერენციაზე (PP22), რომელიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს. კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, რომელთაც გავლენა ექნებათ მსოფლიოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს სრულყოფასა და განვითარებაზე.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ გამოსვლაში ისაუბრა ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე პროქტებსა და პროგრამებზე, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) სტრატეგიული მიზნების მიღწევაში, როგორიც არის უნივერსალური კავშირი, მდგრადი ციფრული ტრანსფორმაცია და სხვ.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყნის მთავრობა მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს დე-ფაქტო იურისდიქცია ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უკანონო ქმედებების გამო, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს. ეკა ყუბუსიძემ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მტკიცედ დაუჭირონ მხარი სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) სრულუფლებიანი კონფერენცია (PP22) ITU-ს მთავარი ღონისძიებაა. ის ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მასზე ITU-ს წევრი ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ ორგანიზაციის სამომავლო ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. კონფერენციაზე განისაზღვრება ITU-ს ზოგადი პოლიტიკა; მიიღება ოთხწლიანი სტრატეგიული და ფინანსური გეგმები; იმართება ITU-ს გენერალური მდივნის, მისი მოადგილის, ITU-ს ბიუროების დირექტორების, ITU-ს საბჭოს და რადიორეგულაციის საბჭოს არჩევნები.
16-11-2024
16-11-2024