გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: საქართველოს საპატიო კონსულების ძალისხმევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოპულარიზაციას ემსახურება, ძალიან ვაფასებთ

2-10-2022

„საპატიო კონსულის ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მრავალი კუთხით, მათ შორის,  საერთაშორისო არენაზე საქართველოს პოზიტიურად წარმოჩენის, ქვეყნის თაობაზე ობიექტური ინფორმაციის გავრცელების, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გაზიარებისა და ცნობადობის გაზრდის  თვალსაზრისით.


დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მიზანმიმართული და პროაქტიული საქმიანობის წყალობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ საქართველოს წინაშე არსებული პრიორიტეტული ამოცანების განხორციელებაში, რაც, უპირველესად, ქვეყნის  მდგრად, სტაბილურ განვითარებასა და კეთილდღეობას გულისხმობს" - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა  საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული ღონისძიების „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" ფარგლებში ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებზე გამართულ თემატურ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 


ლევან დავითაშვილის შეფასებით, დღეს მსოფლიო იმყოფება მრავალი მოულოდნელი და კომპლექსური გამოწვევის წინაშე. მისი თქმით, უპრეცენდენტო და უმძიმეს პანდემიასთან ერთად, საერთაშორისო თანამეგობრობა აღმოჩნდა გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე, რომელიც შეეხო უსაფრთხოების, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, ეკოლოგიურ ასპექტებს და შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გააზრებულ,  გაწონასწორებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარებასა და მსოფლიო თანამეგობრობის სხვა მონაწილეებთან კავშირების გაძლიერებას. 
 
„საქართველო, როგორც არასდროს, ისე ახლოა თავის ისტორიულ მისწრაფებასთან, გახდეს ევროპული დიდი ოჯახის წევრი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების შედეგად. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დიდი ევროპული ოჯახისკენ არის გარანტი გაზრდილი ეკონომიკური ჩართულობის ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან, ევროპასთან გაზრდილი ეკონომიკური ინტერაქციები კი, თავის მხრივ, ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, მზარდ ეკონომიკას და არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის განვითარებასაც" - აღნიშნა მინისტრმა. 
 
ვიცე-პრემიერმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ტურისტული თუ საინვესტიციო პოტენციალის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების პირობებში, რომლებმაც  კიდევ უფრო გაზარდა რეგიონში საქართველოს, როგორც აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია. მისი თქმით, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ცივილიზებული სამყაროს საიმედო პარტნიორია. 


„გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა საპატიო კონსული, თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში აქტიურად მოახდენს საქართველოს, როგორც საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემოს მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით და მსურს ხაზი გავუსვა, რომ  ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას ძალიან ვაფასებთ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 
 
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამართული ღონისძიების -  „საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია - თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის" ეკონომიკური დიპლომატიის თემატურ პანელზე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს. საპატიო კონსულები საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს გაეცნენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ პროექტებში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930