4-10-2022
ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება, ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას" უკავშირდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,რომ მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონის უკრაინული მოდელი აიღო, რომელიც ევროკავშირის მიერ მოწონებულია და ამ კანონს მიიღებენ.
„გასაგებია, ოპოზიციის მთავარი სურვილია, რომ ისინი ვერ პატიობენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა, ქვეყნის განადგურება 2012 წლის 1 ოქტომბერს. მე აქვე მინდა ვთქვა, რომ მათ მოუწევთ შეგუება ამ რეალობასთან. დღეს ქვეყანაში გვაქვს წარმატებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა. ყველა ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, ყველაფერი უკავშირდება „ქართულ ოცნებას". იქნება ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ახლა უკვე ოფიციალურად შეტანილი განაცხადი წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა, რომელზეც უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით „ნაციონალური მოძრაობის" დროს. ეს არის ის ხელშესახები შედეგები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს. ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები ვიცით და რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც არის მოწონებული ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024