6-10-2022
27 სექტემბერს ბერლინში ახალგაზრდა კინომოღვაწეთა პრემიების „ FIRST STEPS “ 2022 წლის ლაურეატთა დაჯილდოება გაიმართა. ეს კონკურსი, რომელიც 1999 წელს დააარსეს ცნობილმა გერმანელმა კინოპროდიუსერებმა ბერნდ აიხინგერმა და ნიკო ჰოფმანმა, ყოველწლიურად იმართება გერმანიის კინოაკადემიის პატრონაჟით ისეთ მედია გიგანტებთან ერთად, როგორიც არიან: Amazon Studios, ARD, Seven.One Entertainment Group, Studio Hamburg, UFA, Warner Bros. მასში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის კინო სასწავლებლების სადიპლომო ფილმები მონაწილეობენ. ხოლო თავად პრემია გერმანულენოვან სივრცეში ყველაზე საპატიო და აღიარებულ ჯილდოდ ითვლება ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის. კონკურსი, რომლის მიზანს კინოტალანტების გამოვლენა და მათი შემდგომი ფინანსური და კრეატიული მხარდაჭერა წარმოადგენს, ცხრა კატეგორიაში იმართება და მისი ჟიური საყოველთაოდ აღიარებული კინომოღვაწეეებისგან შედგება.
წლევანდელ კონკურსში, ნომინაციაში - „უშიშრად“ (NO FEAR) გაიმარჯვა ახალგაზრდა კინოპროდიუსერმა, ბერლინის სატელევიზიო და კინოაკადემიის დიპლომანტმა მარიამ შატბერაშვილმა ფილმისთვის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“, რომლის დამდგმელი რეჟისორიც ასევე, ამავე სასწავლებლის დიპლომანტი ალექსანდრე კობერიძეა. ამ ჯილდოს გარდა ამ ფილმს ბერლინალეზე მიღებულ კინოკრიტიკოსთა პრიზთან ერთად უკვე მოპოვებული აქვს მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი და მან თავისი ზღაპრული სიუჟეტითა და თბილი, პოეტური კინოენით მთელ მსოფლიოში კინომცოდნეთა და კინომოყვარულთა საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა.
„მარიამ შატბერაშვილისთვის პრიზის მინიჭებისას ჟიურის დასაბუთებაში ვკითხულობთ: „პოეტური და ამასთანავე თანამედროვე ზღაპრით „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“, მარიამ შატბერაშვილმა თავის დიპლომისათვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე პროექტის გაძღოლა იტვირთა. უშიშრად და მუდამ პროექტის შუაგულში ყოფნით მან მისთვის სრულიად უცნობ გადასაღებ სივრცეში - ქალაქ ქუთაისში, შეძლო მდგრადი ინფრასტრუქტურის ორგანიზება, რამაც გადამღებ ჯგუფს შესაძლებლობა მისცა, მთლიანად მოეხდინა კონცენტრირება კინემატოგრაფიული იდეის შემოქმედებით განხორციელებაზე. ამასთანავე ქართულ -გერმანული კოპროდუქციის რეალიზაციის პროცესში მას ყოველდღიურად უხდებოდა პატივისცემითა და ენთუზიაზმით შეხებოდა მუშაობისას წარმოქმნილ კულტურულ განსხვავებებს. იგი შინაგანი ინტუიციისა და მომლაპარაკებლის ოსტატობის საოცარი ნაზავით ყოველთვის ახერხებდა ამასთან დაკავშირებული წინაღობების დაძლევას. შედეგად კი შეიქმნა სრულიად შთამბეჭდავი ფილმი, რომელიც მარიამ შატბერაშვილის გარეშე ვერ იქნებოდა ფანტაზიითა და იდეებით ეგზომ მდიდარი.
მარიამ შატბერაშვილისათვის მინიჭებული პრემია ამ ფილმისა და მთლიანად ქართული კინოს კიდევ ერთი აღიარებაა. ამასთანავე იგი ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ხსნის ახალგაზრდა ქართველი შემოქმედთათვის მსოფლიო ასპარეზზე მომავალი პროექტების განსახორციელებლად“, - ნათქვამია პრესრელიზში.
16-11-2024
16-11-2024