6-10-2022
„ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია კაპიტალის ბაზრის განვითარება. ეკონომიკის სამინისტრო, სხვა საჯარო უწყებებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, პერმანენტულად მუშაობს ნორმატიული ბაზის სრულყოფაზე, რაც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცვას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, განვითარებული კაპიტალის ბაზარი ქვეყნის ეკონომიკისთვის აუცილებელი კომპონენტია, რაც ხელს უწყობს დანაზოგების ეფექტიან ინვესტირებას, დოლარიზაციის შემცირებას და საგარეო შოკებისადმი მდგრადობის გაძლიერებას.
„ამ მიმართულებით, 2019 წელს ამოქმედებული ახალი საპენსიო სისტემის შემდეგ, საინვესტიციო ფონდების ჩარჩო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. კაპიტალის ბაზრის მიმართულებით პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო პაკეტი წვდომას გაუხსნის ჩვენს მოსახლეობას ალტერნატიულ დანაზოგებზე, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს საბანკო დაკრედიტების გარდა სხვა უფრო იაფი გზებით მოიძიონ კაპიტალი. კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები უკვე განხორციელდა და მიმდინარეობს მიმდინარე წელსაც. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, შეიქმნა შესაბამისი საფუძველი და შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის სექტემბერში გააკეთა ოფიციალური განაცხადი ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების შესახებ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ SEPA-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, კერძოდ საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს საფინანსო სექტორის სანდოობა, გაიოლდება ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობები და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქეები გამარტივებული და იაფი მომსახურებით ისარგებლებენ.
16-11-2024
16-11-2024