6-10-2022
„კერძო ბიზნესის განვითარებას და როგორც უცხოური, ისე ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინტენსიური პროცესი. ჩვენ სწრაფად, რამდენიმე წელიწადში უნდა დავასრულოთ მნიშვნელოვანი ობიექტების, მნიშვნელოვანი სახელმწიფო ქონების პრივატიზება და დღემდე უმოქმედოდ მყოფი ქონება, დაუმუშავებელი მიწა ან წლების წინ გაჩერებული საწარმო კერძო ინვესტორის ხელში უნდა გარდაიქმნას მოქმედ ბიზნეს-ობიექტად და მოსახლეობის დასაქმების წყაროდ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში მიმდინარე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის 9 თვის მანძილზე, პრივატიზებულია 1,600 ჰა სასოფლო სამეურნეო მიწა, მათ შორის მოქმედი იჯარების პირდაპირი წესით გამოსყიდვის სახით, რომლის საპრივატიზებო თანხამ 12.7 მლნ. ლარი შეადგინა. სულ მიმდინარე წელს პრივატიზებიდან მობილიზებული თანხების ჯამურმა მოცულობამ 207.6 მლნ. ლარი შეადგინა, რაც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რამდენჯერმე აღემატება ყველა წინა წლის საპრივატიზაციო მონაცემებს.
„პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში გაიყიდა 153.3 მლნ. ლარის ღირებულების ქონება, მათ შორის 8.7 მლნ. ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სხვადასხვა უძრავი ქონების და საწარმოების პრივატიზება შევძელით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, შესწავლილ იქნა 100-ზე მეტი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტის და საკურორტო ადგილის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი. როგორც მან აღნიშნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა ისეთი ადგილები, რომელთაც საკმაოდ დიდი მიმზიდველობა აქვთ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
„შესწავლილი ადგილების საფუძველზე, კურორტის და საკურორტო ადგილისთვის მომზადდა გეოინფორმაციული რუკები, რეესტრი და შემუშავდა საინვესტიციო შეთავაზებები. უახლოეს ხანებში მომზადებული ინფორმაცია მიეწოდება პოტენციურ ინვესტორებს, რათა სახელმწიფომ უფრო ეფექტიანად მოახდინოს ასეთი სახელმწიფო ქონების ინვესტირება", -განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024