გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე: როდესაც სცადეს ბიძინა ივანიშვილისთვის შეეტიათ, აღმოჩნდა, რომ ოლიგარქები, საკუთარ გარემოცვაში ჰყოლიათ

7-10-2022

ბიძინა ივანიშვილი მართლაც ფლობს ძალაუფლებას, მაგრამ ეს მორალური ძალაუფლებაა და არა პოლიტიკური, რადგან მან ეს ძალაუფლება ხელისუფლებაში მოსვლით ან იქ ყოფნით კი არ მოიპოვა, არამედ მანამდეც ჰქონდა და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც შეინარჩუნა- წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

 

მისი თქმით რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ესეც სწორედ ამ მიზნით შექმნილი ხელოვნური ტერმინია. ვინაიდან ყველამ კარგად იცის ივანიშვილის ფულის წარმოშობის წყაროც და ქველმოქმედების ის უზარმაზარი მასშტაბებიც, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს.

 

„უფროსებმა შემოთვალეს, ბიძინა ოლიგარქიაო საქართველოში ვინც დღეს ოლიგარქიაზე და დეოლიგარქიზაციაზე საუბრობს, უმეტესობამ ამ ტერმინების მნიშვნელობაც კი არ იცის, მაგრამ ალესილი ხმალივით მაინც იქნევენ წაღმა-უკუღმა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ამით ისინი საკუთარ თავს და საკუთარ ლიდერებს აზიანებენ. ეს დაემართა ჩვენს ოპოზიციას, რადგან როდესაც სცადეს ბიძინა ივანიშვილისთვის შეეტიათ, აღმოჩნდა, რომ ოლიგარქები, საკუთარ გარემოცვაში ყოლიათ. ამაზე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, უკრაინისა, რომელიც მთელ ევროპას,ჩვენს ოპოზიციას ყოველმხრივ სანიმუშო, მისაბაძ ქვეყნად მიაჩნია და რომელმაც თურმე დემოკრატიის მშენებლობაში იმდენად გაგვასწრო, რომ ჩვენზე ადრე მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

 

ეხლა გვეუბნებიან, თქვენთან „სხვანაირი" ოლიგარქიააო და ისეთი კანონი უნდა მივიღოთ თურმე, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეეხება, ამიტომ ოლიგარქის ცნება ისე კი არ უნდა ავხსნათ, როგორც უკრაინის კანონშია, არამედ ოლიგარქი იმას უნდა დავარქვათ, ვინც ხელისუფლებას კი არა, არამედ ძალაუფლებას ფლობსო. არადა, ბევრ ქვეყანაში არაერთი მილიარდერი პრეზიდენტი ფლობდა და ფლობს რეალურ ხელისუფლებასაც და ძალაუფლებასაც (მამა-შვილი ბუშებიც, ტრამპიც, ბაიდენიც, პუტინიც, ზელენსკიც და ბევრი სხვაც სწორედ ასეთები არიან), მაგრამ ეტყობა, მხოლოდ იმას უნდა ერქვას ოლიგარქი, ვინც ამერიკის ინტერესებისათვის თავისი ქვეყნის ომში ჩაბმის წინააღმდეგია.

 

ბიძინა ივანიშვილი მართლაც ფლობს ძალაუფლებას, მაგრამ ეს მორალური ძალაუფლებაა და არა პოლიტიკური, რადგან მან ეს ძალაუფლება ხელისუფლებაში მოსვლით ან იქ ყოფნით კი არ მოიპოვა, არამედ მანამდეც ჰქონდა და ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც შეინარჩუნა. ასეთ მორალურ ძალაუფლებას დღესაც ფლობს არაერთი ჩვენი გარდაცვლილი ღირსეული წინაპარი, რომელთა ცხოვრების გზას და ამ გზით მოპოვებულ ხალხის სიყვარულს ხშირად დღესაც ვუბრუნდებით და მათ ნააზრევზე აპელირებით ვცდილობთ ხოლმე ჩვენი პოზიციების დასაბუთებას.

 

„ოლიგარქია“ ბერძნულად სიტყვა-სიტყვით „მცირეთა მმართველობას“ ნიშნავს. მმართველობის ეს ფორმა საბერძნეთში საკმაოდ იყო გავრცელებული, რაც გულისხმობდა იმას, რომ რეალურ მმართველობას განახორციელებდა საზოგადების ელიტური ანუ მცირე ნაწილი. მისი გამოყოფა ხდებოდა არისტოკრატობის ან ქონების პრინციპით. ტერმინი პირველად გამოიყენეს პლატონმა და არისტოტელემ. ამ გაგებით, რაც უნდა ვუტრიალოთ, ბიძინა ივანიშვილს ვერ მივაკერებთ ოლიგარქის იარლიყს, რადგან რომც დავიჯეროთ და ვაღიაროთ, რომ ის თურმე ჩრდილიდან მართავს არაფორმალურად ქვეყანას, ეს ვერ იქნება „მცირეთა მმართველობა“, რადგან მსოფლიოს მიერ აღიარებულია, რომ არჩევნებში მმართველ პარტიას ხმა საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ მისცა.

 

რაც შეეხება იმას, ფლობს თუ არა ივანიშვილი ან თუნდაც მმართველი პარტია სრულ ძალაუფლებას, აშკარაა, რომ მათზე გაცილებით ძლიერი გავლენები ქართულ პოლიტიკაზე გარე ძალებს აქვთ, რომელთაგან ზოგი პირდაპირ და ზოგი ირიბად ხმამაღლა აცხადებს: „მოაცილეთ ოლიგარქი ივანიშვილი ქვეყნიდან და ხელისუფლებიდან, თორემ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“! საინტერესოა, რატომ მაშინ არ ეძახდნენ ივანიშვილს „ოლიგარქს“, როდესაც ის 2004-2007 წლებში აფინანსებდა ნაციონალების ხელისუფლებას?დღეს როცა ნაციონალები ოპოზიციაში არიან ეხლა გახდა "ოლიგარქი" ივანიშვილი? ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობრებმაც“ რატომღაც ეხლა აღმოაჩინეს მასში "ოლიგარქი".

 

სულ ახლახანს აშშ-ს ელჩმა მიუთითა, რომ უკრაინული დეოლიგარქიზაციის კანონი პირდაპირ არ უნდა გადმოიღოთ, არამედ საქართველოს რეალობას უნდა მოარგოთო, რაც ფაქტობრივად ნიშნავს, სხვების ბიძინები ჩვენს მორჩილებაშია და იქ ჩვენ არ ვითხოვთ მათ განეიტრალებას, თქვენი ბიძინა ურჩია, აქედან გამომდინარე ჩვენი სურვილია კანონი ურჩ ბიძინას მოარგოთო. უკანონოდ ხელისუფლების გარედან მართვა ჩვენს უფროს ძმებს ნორმად რომ მიაჩნიათ, ეს ჩვენ არა ერთხელ ვნახეთ, როდესაც გარე ძალების მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებას იძულებულით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ კრიმინალები გაათავისუფლებინეს და მათ „პოლიტპატიმრების“ მანტიაც კი მოასხეს.ასეთი უხეში ჩარევა გამოვლინდა, როცა მოსამართლე კონკრეტული საქმის გადაწყვეტილების გამო, ჯერ სიტყვიერად დატუქსეს, ხოლო შემდეგ ამერიკაში გასამგზავრებელთა სიიდან ამოიღეს.

 

„გარედან მმართველი ძალები“ საერთოდ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ქართველების თვალში ევროპული ღირებულებების დევალვაციას ახდენენ, როდესაც უხეში, მიუღებელი ფორმებით ერევიან დამოუკიდებელი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში. ცდილობენ ქართული ანტიდემოკრატიული ძალების ლობირებას, მათ რეაბილიტაციას და ხელისუფლებაში დაბრუნებას, რადგან მათთვის მთავარი დემოკრატია და ადამიანის უფლებები კი არ არის, არამედ საქართველოში, მათ ნებისმიერ სურვილზე დამყოლი ანტირუსული ხელისუფლების დასმაა. ანტირუსულობის ხარისხით პოლიტიკოსის ან პარტიის შეფასება, ადამიანის ყველაზე ბნელ გრძნობებზე უსინდისო თამაშია. შიდა თუ გარე არაკეთილმოსურნე ძალები, ისეთი სიხშირით ეძახიან ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ, პრორუს ოლიგარქს, მართლაც ხალხში მისი მორალური ავტორიტეტი და მხარდაჭერა რომ არა, ხელისუფლება დიდი ხნის ჩამოშლილი, თვითონ ბიძინა საქართველოდან გაძევებული და შესაძლოა ფიზიკურადაც ლიკვიდირებული ყოფილიყო (ბადრი პატარკაციშვილის დევნა და ბუნდოვანი გარდაცვალება ყველას გვახსოვს). სწორედ დიდი მხარდაჭერისა და ხალხის ნდობის გამო ცდილობენ "ოლიგარქის" ძახილით ასე გამწარებით და დაჟინებით მის დისკრედიტაციის, მისი სანქცირების მიღწევას. არჩევნებამდე ისეთი ცრუ გარემოს შექმნას, სადაც ხალხის თვალში დღევანდელი ხელისუფლება წარმავალ, ხოლო საკუთარი თავი - მომავალ ძალად წარმოჩინონ. ამიტომ ჭირდებათ ბიძინას არჩევნებამდე განეიტრალება და ხელისუფლებაში მოსასვლელად მოედნის მოსუფთავებაც. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ესეც სწორედ ამ მიზნით შექმნილი ხელოვნური ტერმინია. ვინაიდან ყველამ კარგად იცის ივანიშვილის ფულის წარმოშობის წყაროც და ქველმოქმედების ის უზარმაზარი მასშტაბებიც, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს.

 

ძალაუფლებას დახარბებული ოპოზიციური ძალებისა და მათი უცხოელი მფარველების მცდელობები ამაოა, რადგან შეუძლებელია რეალური კეთილი საქმეებით ათწლეულების მანძილზე მოპოვებული მორალური ძალაუფლების, მორალური ავტორიტეტის და მორალური უპირატესობის გაუფასურება ნებისმიერი უსინდისო პოლიტიკური ხრიკების საშუალებით“- წერს ნანა კაკაბაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930