გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი”

7-10-2022

ორი მეგობარი ქვეყნის საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე “პოლონეთი - საქართველო. ორსაუკუნოვანი დიალოგი”.

 

 კონფერენციის გახსნას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, მოწვეული სტუმრები, მეცნიერები საქართველოდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან ესწრებოდნენ.

 

„დღევანდელი ღონისძიება, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება, არის მაგალითი ჩვენი ქვეყნების, პოლონეთსა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის. მოხარული ვარ, რომ დღეს გავიხსენებთ მე-19 საუკუნის, მე-20 საუკუნის გმირებს და საზოგადოებას შევახსენებთ, როგორი მტკიცე ურთიერთობა გვაქვს ქართველებსა და პოლონელებს, მიუხედავად სახელმწიფოებს შორის დიდი დისტანციისა, “- განაცხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.



თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის ინფორმაციით, კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება და ის ეხება ორი მეგობარი ქვეყნის - პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობებს. „მოგეხსენებათ, საქართველოს ბევრი მეგობარი ქვეყანა ჰყავს მთელ მსოფლიოში, მათ შორის, გამორჩეულია პოლონეთი. ქართულ-პოლონური პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობები, ისტორიული ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოლონეთი ხელს უწყობს საქართველოს განვითარებას“, - აღნიშნა ნანა გაფრინდაშვილმა. მისი თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პოლონისტიკის განვითარებას, პოლონური კულტურის კვლევას, პოლონური ენის შესწავლას.

 

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს სამეცნიერო კონფერენციას, სადაც ქართველ და პოლონელ მეცნიერებს, ამ ორი ქვეყნის  შემსწავლელ მკვლევრებს საშუალება აქვთ ისაუბრონ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე და ასევე, იმ პერსპექტივებზე, რომლებიც სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტების სახით დასახელდება. „კონფერენციაზე წარმოდგენილია საზოგადოება - „პოლონია“, რომელსაც 25-წლიანი ისტორია აქვს საქართველოში, მისი როლი არის მნიშვნელოვანი როგორც სოციალური, ასევე სამეცნიერო-კვლევითი, კულტურული და შემოქმედებითი ხასიათის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ნუნუ მიცკევიჩმა.კონფერენცია ეძღვნება კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „პოლონიას“ 25 წლის იუბილეს.

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის მარია ფილინას განცხადებით, 25 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტში დაარსდა პირველი პოლონური საზოგადოებრივი ორგანიზაცია კავკასიაში - „პოლონია“. „მას მერე, ჩვენ ვატარებთ კონფერენციებს, მათ შორის, საერთაშორისო კონფერენციებს ქართულ-პოლონურ ურთიერთობებზე. დღეს ჩვენ მივიღეთ პოლონეთის სენატიდან და სეიმიდან მისალმებები, სადაც წერია, რომ ყოველი ჩვენი ღონისძიება არის ქართულ-პოლონური ურთიერთობების დარგში წინსვლა,“- აღნიშნა მარია ფილინამ.

 


პლენარულ სხდომებზე იმუშავებს რამდენიმე სექცია: ლიტერატურა და ვერბალური კომუნიკაციები, ისტორია და პოლიტოლოგია, ხელოვნება, კულტურა და განათლება. ერთი სექცია გაიმართება ონლაინ ფორმატში.

 

კონფერენციის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლონისტიკის ცენტრი; პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში; საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „პოლონია“; მსოფლიო თანამეგობრობა „ვსპულნოტა პოლსკა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930