გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

7-10-2022

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კვიპროსში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ანდრეა ბელუცისთან. შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საუბრისას მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

 

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტულ დარგში აკადემიური პროგრამების შექმნას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამ ეტაპზე მოქმედი პროგრამები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ანალოგს წარმოადგენს. მისი თქმით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეტაპობრივად გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები განათლების სამივე საფეხურისათვის.

 

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც ოპერირება 2020 წელს დაიწყო, სწრაფად მზარდი რეიტინგი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისი განვითარება სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგში პირველია.

 

სან მარინოს განათლების მინისტრთან შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ასევე აღნიშნა, რომ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. მინისტრის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, კვლევით პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა სან მარინოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებსაც ექნებათ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. აღსანიშნავია, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს კვლევით პროცესში.

 

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დაადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც წარმოადგენს რეგიონის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით ჰაბს, გახლავთ შესანიშნავი სივრცე საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით.

 

შეხვედრისას მინისტრმა სან მარინოელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.

 

თავის მხრივ, სან მარინოს რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ანდრეა ბელუციმ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე მეგა-პროექტს – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს და უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

 

ანდრეა ბელუციმ მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოში მოწვევისთვის და განაცხადა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში დაიგეგმება, რომლის ფარგლებშიც საქართველოსა და სან მარინოს რესპუბლიკას შორის განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს მოეწერება ხელი.

 

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა HorizonEurope-ის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს. გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოსა და სან მარინოს შორის უმაღლესი განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.

 

შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროკავშირთან ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ანა ბარამია და სან მარინოს პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმეთა დირექტორატის წარმომადგენელი ბოჟანაგრუშკა ესწრებოდნენ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930