გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილზე: როცა მათი ხელისუფლება ფეხზე დააყენა და წელში გამართა, მაშინ არ თვლიდნენ ოლიგარქად, დღეს ცდილობენ სანქციები დაუწესონ და მთელი რესურსებით თავს ესხმიან

10-10-2022

ვინც თავდაცვის ბიუჯეტს ძარცვავდა და ბიზნესს ატერორებდა, ქველმოქმედად გვატენიან და ვინც იქეთ ავსებდა ბიუჯეტს, თავდაცვას, პოლიციას, განათლებას და ენერგეტიკას ასეულობით მილიონი დოლარით აფინანსებდა, დეოლიგარქიზაციაში უნდა მოვახვედროთ და სანქციები დავადოთ? ბნელა? - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.


ვრცელ ფეისბუქ-პოსტში ამირან სალუქვაძე ბიძინა ივანიშვილისა და მისი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ პროექტებზე საუბრობს და სვამს კითხვას - რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ქვეყნისთვის იმაზე მეტი, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა 30 წლის მანძილზე, რომ თუ სიცოცხლეში არ ეტყვიან მადლობას, ამ მარგინალების შეტევების წინააღმდეგ მაინც აიმაღლოს ხმა საზოგადოებამ?


მისივე თქმით, როცა ქველმოქმედებას უქილიკებ იმ ადამიანს, რომლის ქველმოქმედების წყალობით გააკეთე ის, რითაც დღემდე ტრაბახობ, უმადურობა კი არა, უსინდისობაა.


„როგორც ადრე დაგპირდით, დავწერ როგორ ეხმარებოდა ბიძინა ივანიშვილი ახლადმოსულ სააკაშვილის ხელისუფლებას რეფორმების დაფინანსებაში. როცა მათი ხელისუფლება ფეხზე დააყენა და წელში გამართა, მაშინ არ თვლიდნენ ოლიგარქად. დღეს ცდილობენ სანქციები დაუწესონ და მთელი რესურსებით თავს ესხმიან. მეტიც, ქველმოქმედებაზე ქილიკობენ. ტელევიზიის დაფინანსებას, ანუ მედიაბიზნესს და ოპერისა და ბალეტის თეატრის სრულ აღდგენასა და აღჭურვას, რაც, სხვათაშორის, ფონდ „ქართუს" 40 მლნ დოლარი დაუჯდა, ერთმანეთთან აიგივებენ. ვინც არ დაიჯერებთ, რასაც აქ დავწერ, გადაამოწმეთ.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, ვისაც არ გახსოვთ, ასაკიდან გამომდინარე, ან სხვა მიზეზის გამო: 2003 წლის 23 ნოემბერს შეიცვალა ხელისუფლება. მოვიდა რევოლუციური მთავრობა. ხაზინა ცარიელია. ფისკალური სისტემა არ მუშაობს, ბიუჯეტი არ ივსება.


ასეთი ჩაკეტილი წრე იყო: რევოლუციურმა მთავრობამ დაპირებები გასცა, რომელთა შესრულებას სჭირდებოდა დიდი ფული და არა უბრალოდ სავსე ხაზინა, ანუ 2004 წლისთვის დაგეგმილ ბიუჯეტზე გაცილებით მეტი თანხები. ასეთი თანხები ბიუჯეტში არ იყო, რადგან ცარიელი ხაზინის მიზეზი კორუფცია იყო. სხვათაშორის, ახალი ხელისუფლებაც ხომ წინა, კორუმპირებული ხელისუფლებისგან იშვა?! კორუფციის დამარცხებისთვის საჭირო იყო ჩინოსნებისთვის ხელფასების მომატება. ხელფასებს საიდან მოუმატებდნენ, თუ ხაზინა ცარიელი იყო?! ხაზინის შევსებას სჭირდებოდა რეფორმების გატარება და ა.შ. ასე უსასრულოდ შეიძლება წრეზე ტრიალი. ეს ჩაკეტილი წრე მაშინდელ ხელისუფლებას სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გაურღვია და რეფორმები სრულად დაუფინანსა. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას 90-ანი წლებიდან ეწეოდა. ფონდ "ქართუს" საქველმოქმედო საქმიანობა დეტალურადაა აღრიცხული და აუდიტის მიერ შემოწმებული.


ივანიშვილის ქველმოქმედებას რომ გადახედავთ, გარკვეულ სისტემურ მიდგომას დაინახავთ. ეხმარებოდა თითქმის ყველა სფეროს, სექტორს ასეთი პრინციპით: სანამ სახელმწიფოს ამ სექტორის განვითარების საშუალება არ აქვს, ის შემოდის, მთავრობასთან შეთანხმებულად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, პროგრამებს. როცა სახელმწიფო ამ მიმართულებით ფეხზე დგება, აქედან გადის და სხვა პროგრამაზე გადადის.


ხშირად ფონდ „ქართუს" ქველმოქმედების გაშუქებას პრიმიტიულად უდგებოდნენ. ყველაზე ნათელი მაგალითია დიდი ხნის წინ გამოქვეყნებული მრავალათასკაციანი სია, ვისაც ფონდი ხელფასებს წლების მანძილზე უხდიდა. ხალხში ისეთი აღქმა დარჩა, თითქოს ვინმემ მეცნიერების და კულტურის სფეროს წარმომადგენლების სია ჩამოწერა და გვერდით ციფრები მიუწერა. რეალურად საქმე სხვაგვარად იყო. ფონდში მუშავდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტების, თეატრების, სპორტული კლუბების, ფედერაციების და სხვა ორგანიზაციების დახმარების პროგრამები. ეს პროგრამები მოიცავდა ერთი მხრივ ამ ორგანიზაციების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, ან განვითარებას, მეორე მხრივ სოციალურ დახმარებას. ანუ ორგანიზაციების მიხედვით დგებოდა სიები და არა ვინმეს გემოვნებით.


ფონდ „ქართუს" და ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება შეიძლება დაიყოს შემდეგ სფეროებად:
- სახელმწიფო მმართველობის მხარდაჭერა;
- ეკონომიკა;
- ენერგეტიკა;
- სოფლის მეურნეობა;
- განათლება;
- კულტურა;
- სპორტი;
- თავდაცვა;
- პოლიცია, ანუ საზოგადოების უსაფრთხოება;
- თვითმმართველობა.
დავუბრუნდეთ 2004-2007 წლებს. ყველაზე მეტად ამ წლებში ივანიშვილს სახელმწიფო მმართველობის პრობლემები აწუხებდა. სხვის მონაყოლს არ ვწერ. ეძებდა გზებს, როგორ დახმარებოდა კორუფციის აღმოფხვრის მიზნით სახელმწიფო აპარატს. 2012 წლის შემდეგ ნაცმოძრაობამ მოისურვა ისეთი სურათის "დახატვა", თითქოს თავისი სურვილით არ ეხმარებოდა და ხელისუფლება "ახევდა". ხომ გახსოვთ ასეთი განცხადებები?! მიხვდნენ, რომ თუკი რაიმე სატრაბახო ჰქონდათ, ლამის ყველაფერი, ივანიშვილმა დაუფინანსა. ამიტომ სურდათ მისი როლის დაკნინება. იმასაც ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ განცხადებებით პირდაპირ აღიარებდნენ ბიზნესის დატერორებას.


თუმცა, ივანიშვილისთვის ვინ რისი ამხევია, ვხედავთ შვეიცარიული Credit Suisse-ს მაგალითზე. სააკაშვილს აახევინებდა? ბ. ივანიშვილმა ახალმოსულ ხელისუფლებას სწორედ რეფორმების მხარდაჭერის კუთხით გაუწია დახმარება და უზარმაზარი ფინანსური ტვირთი იკისრა. პარალელურად ფონდი "ქართუ" მანამდე დაწყებულ პროექტებსაც აგრძელებდა. რეფორმების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა საქართველოს განვითარების ფონდი (დაახლოებით ასე ერქვა). ამ ფონდის მთავარი ფინანსური წყარო სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. სოროსის შესახებაც დადიოდა ჭორები, თუმცა, ჩემი ინფორმაციით, მას მილიონიც არ ექნება ჩარიცხული.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2003 წლის ბიუჯეტი 1,27 მილიარდი ლარი იყო და ისიც 85%-თ, მგონი, შესრულდა. 2004 წლის ბიუჯეტი გაზრდილი მაჩვენებლებით დაიგეგმა, ისიც გრანტების იმედად. გაზრდილი პარამეტრების მიუხედავად, მხოლოდ სახელმწიფოს სახსრებით, ხელისუფლება ვერცერთ რეფორმას ვერ განახორციელებდა.


რა მიმართულებებით იქნა გაწეული დახმარება? პირველ რიგში დაიწყო მთავრობის აპარატის და სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების დაფინანსება. დაწესდა სახელფასო დანამატები.


თავდაცვის სამინისტროს მაგალითზე გეტყვით, რომ დანამატი, რომელიც ამ დახმარებით დაინიშნა, 3-4-ჯერ აღემატებოდა არსებულ ხელფასებს. ანალოგიურად იყო სხვა უწყებებში.


გაზრდილი ხელფასები დაენიშნათ მთავრობის კანცელარიას და სამინისტროებს. შემდგომში ნაციონალური მოძრაობა იტრაბახებს "ჩვენ გავზარდეთ ხელფასები და დავამარცხეთ კორუფციაო". კორუფცია ქვედა ეშელონებში დაამარცხეს, ოღონდ ბიძინა ივანიშვილის ფინანსების მეშვეობით. სამაგიეროდ, ელიტურმა კორუფციამ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. საკმარისია გავიხსენოთ გამდიდრებული პრეზიდენტი, თითქოსდა ბებიების და ბაბუების დატოვებული ქონებით, გამილიარდერებული თავდაცვის მინისტრი, გამდიდრებული სხვა მინისტრები და ჩინოვნიკები.


თბილისის მერიის 48 მილიონი ლარის, ასევე პრეზიდენტის 9 მილიონის ფლანგვის, ომის წინ თავდაცვის სამინისტროს 5 მილიონი ევროს მითვისების საქმეები კარგად ასახავენ წინა ხელისუფლების ღირებულებებს. მაშინ როცა სხვა მდიდარი ადამიანი კოლოსალურ თანხებს ახარჯავდა სახელმწიფოს, რეფორმებს, ამ დროს ხელისუფლება ელიტურ კორუფციაში ეფლობოდა.


პატრულის რეფორმა. წინა ხელისუფლების ერთ-ერთი სატრაბახო თემა სწორედ პატრულის რეფორმა იყო. ხელისუფლების როლს არ ვაკნინებ. უბრალოდ, იმის მიუხედავად, რომ ანონიმურობის დაცვაა თვითონ ივანიშვილი ითხოვდა, ერთხელ მაინც წამისცდენოდათ სადმე, ვინ აფინანსებდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან რეფორმებს.


რეფორმის წარმატების მთავარი პირობა იყო პოლიციელთათვის ხელფასების მომატება, კარგი აღჭურვა, ფორმა, მანქანები, იარაღი და სხვა. ყოველივე ეს ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა. ეჭვი მაქვს 2005 წლიდან პოლიციის ახალი შენობების მშენებლობებიც საქართველოს განვითარების ფონდიდან, ანუ ივანიშვილის შენატანებით იქნება დაფინანსებული.


ჯარის აღჭურვა. ეს თემაც ერთი მხრივ საქილიკოდ აქცია სააკაშვილმა, კედებიანი ჯარი შეარქვა, თითქოს ეს ჯარის ბრალი იყო, მეორე მხრივ ტრაბახობდა, ჯარს ჩავაცვი და აღვჭურვეო.


როგორც შემდგომში გაირკვა, შეიარაღებულ ძალებშიც თვალშისაცემი და გაპიარებული ღონისძიებების, ანუ ფორმების, აღჭურვის, სამხედრო ბაზების რეაბილიტაციის სამუშაოების ლომის წილი სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.


თავდაცვაშიც მნიშვნელოვანი იყო ხელფასების ზრდა, სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესება, აღჭურვილობა და უამრავი სხვა. ალბათ ძალიან ცოტამ იცის, რომ საჩხერის სამთო მომზადების ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა.


ავტობანიდან ვისაც გორისკენ გაგიხედავთ, დაინახავდით უზარმაზარ სამხედრო ქალაქს. ეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაა, სადაც ჩვენი იუნკრები სწავლობენ. ამ სამხედრო ქალაქის მშენებლობაც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებულია. ხომ მოისმინეთ ოქრუაშვილის აღიარება, ივანიშვილი ყოველწლიურად 32-36 მილიონ დოლარს მირიცხავდაო?! ის 2005-06 წლებში იყო მინისტრი. სავარაუდოდ მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებამ 2004-2007 წლებში 100 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შესაძლოა მეტიც.


განათლების სისტემა. განათლების სისტემაში ფონდმა „ქართუმ" ძალიან დიდი თანხა დახარჯა და აგრძელებს უამრავი პროექტის მხარდაჭერას. სხვა რომ არა, მარტო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი რად ღირს?!


მაგრამ ამ პოსტში შევეხები მხოლოდ 2004-2007 წლების იმ პროექტებს, რომლებიც სააკაშვილმა ახსენა, როგორც მთავრობის მიერ განხორციელებული. 2006 წლის თებერვალში სააკაშვილმა, თავის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა 30 ახალი სკოლის მშენებლობა და საქართველოს მასშტაბით სკოლების კომპიუტერიზაცია იწყებაო.


2006 წელს 33 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო 2007 წელს ქვეყნის მასშტაბით სკოლების კომპიუტერიზაცია სწორედ ფონდმა „ქართუმ" დაიწყო. მხოლოდ ამ ორ მიმართულებაზე ფონდმა 67 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.


კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ პროექტებს გარდა, იმავე 2004-2007 წლებში და შემდგომშიც, ფონდი ქართუ სხვა პროექტებსაც ახორციელებდა.


მაგალითად აწარმოებდა უნივერსიტეტის, კონსერვატორიის, აკადემიების სკოლების და სხვა დაწესებულებების კაპიტალურ შეკეთებას, აღჭურვას, მათ ფინანსურ მხარდაჭერას, 400-მდე სკოლის რეაბილიტაცია მოხდა, შეძენილი იქნა 100 ათასი მერხი და სხვა. 2004-2007 წლებში ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მუნიციპალიტეტებსაც. ამ საკითხს არ ჩაღრმავებივარ.


ენერგეტიკა. კიდევ ერთი სფერო ენერგეტიკაა. შუქი 2003 წლის შემდეგ თავისით არ ანთებულა. საჭირო იყო ჰესების, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ამ მიმართულებითაც ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მოიძიეთ რამდენი ჰესის რეაბილიტაცია მოხდა და რომელი წყაროდან დაფინანსდა.


2004-2007 წლებში, ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით და ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დახარჯა.


ამ პოსტში მხოლოდ 2004-2007 წლების რეფორმების ფინანსური მხარდაჭერის საკითხს შევეხე. დანარჩენი მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტების შესახებ, შემდგომ პოსტებში დავწერ.


ახლა ვსვამ კითხვებს:
- როცა ბიძინა ივანიშვილი ნაცმოძრაობის სატრაბახო რეფორმებს აფინანსებდა, მაშინ არ იყო ოლიგარქი?
- ვინც თავდაცვის ბიუჯეტს ძარცვავდა და ბიზნესს ატერორებდა, ქველმოქმედად გვატენიან და ვინც იქეთ ავსებდა ბიუჯეტს, თავდაცვას, პოლიციას, განათლებას და ენერგეტიკას ასეულობით მილიონი დოლარით აფინანსებდა, დეოლიგარქიზაციაში უნდა მოვახვედროთ და სანქციები დავადოთ? ბნელა?
- პოლიტიკაში მოსვლა უნდოდა და ამიტომ აფინანსებდაო რომ ამბობენ, ამ კითხვას ადრეც ვუპასუხე და ისევ გავიმეორებ, მაშინ სხვა ხელისუფლებას რატომ ეხმარებოდა რეფორმების დაფინანსებაში, მერე უფრო რთული რომ ყოფილიყო მათი დამარცხება? პოლიტიკა და თანამდებობა თუ უნდოდა 15 ან 20 წლის წინ, ან თანამდებობიდან რატომ წავიდა, ან ახლა რა უშლის ხელს, არ შეუძლია ნებისმიერი თანამდებობის დაკავება?!


კიდევ ერთი კითხვა: რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ქვეყნისთვის იმაზე მეტი, რაც ამ კაცმა გააკეთა ამ 30 წლის მანძილზე, რომ თუ სიცოცხლეში არ ეტყვიან მადლობას, ამ მარგინალების შეტევების წინააღმდეგ მაინც აიმაღლოს ხმა საზოგადოებამ?


მესმის, შეიძლება მისი პოლიტიკა ვინმეს არ მოსწონდა. ჩრდილოეთ კორეა არ ვართ, ღმერთმა დაგვიფაროს ყველა ერთ გემოვნებაზე ვიყოთ. მესმის, როცა პოლიტიკურ ჭრილში ებრძვი. მაგრამ ქველმოქმედებას როცა უქილიკებ იმ ადამიანს, რომლის ქველმოქმედების წყალობით გააკეთე ის, რითაც დღემდე ტრაბახობ, უმადურობა კი არა, უსინდისობაა.


ოპერის "რემონტს" და სამების აშენებას რომ აქილიკებენ, გამოვიდნენ და 2004-2007 წლების ქველმოქმედებაზე ილაპარაკონ. მოყვნენ ვისი წყალობით განახორციელეს სწრაფი ე.წ. რეფორმები.


ოპერის „რემონტი" ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან ასე მოიხსენია ენმ-ის ერთ-ერთმა რუპორმა. ამ ხალხს წარმოდგენა არ აქვთ რა გაკეთდა ოპერაში. მისი დანგრევა და ახლიდან აშენება ორჯერ იაფი დაუჯდებოდა "ქართუს". მაგრამ, რადგანაც ისტორიული ძეგლი იყო, შავ კარკასამდე დაიყვანეს და შემდეგ გაკეთდა ის ყველაფერი, რასაც შიგნით ხედავთ. ამ კულტურულ ძეგლზეც ცალკე უნდა დაიწეროს. „ქართულ ოცნებას“ როგორც პოლიტიკურ ოპონენტს როცა ებრძვით, ხომ არ ვწერ, რატომ ებრძვით მეთქი?! ოპოზიცია ხართ და უნდა ებრძოლოთ. მაგრამ შეეშვით ქველმოქმედებას და ქველმოქმედს. ამ შეტევებით ამ და სხვა შეძლებულ ადამიანებს უფუჭებთ ქველმოედების სურვილს, რითაც აზიანებთ საზოგადოებას. მარტივია.


ისტორიული ძეგლების რესტავრაციის პროგრამის გაგრძელების გარდა, დღეს ფონდი "ქართუ" ათამდე სხვა მსხვილ პროექტს და პროგრამას ახორციელბს. ამ ჩამონათვალშია აბასთუმანი, თბილისის ცენტრალური პარკი, თეატრები, ურბანული ტყის აღდგენის პროექტი და ა.შ. ფონდი დღემდე თავისი ხარჯებით ინახავს რაგბის ყველა სტადიონს, რომლებიც წლების წინ თავადვე ააშენა. რა თქმა უნდა გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსება და ა.შ.


ესაა, რაც მინდოდა 2004-2007 წლების ქველმოქმედებაზე დამეწერა. გავაგრძელებ ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტების შეხსენებას“ - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930