11-10-2022
„ბლუმბერგის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, საქართველო მე-13 ადგილზეა როგორც საინტერესო საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის, მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფის Bloomberg Media-ს კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.
კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.
მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" აქტიურად მუშაობს, რათა საქართველო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა პლატფორმებზე, მათ შორის იქნება ეს საერთაშორისო მედია, ასოციაციები თუ მსხვილი ორგანიზაციები.
„ამ საერთო ძალისხმევის შედეგად, ვხედავთ, რომ ინვესტორები ხშირად იღებენ საქართველოზე ინფორმაციას და ეს ასახულია „ბლუმბერგის" კვლევაშიც. გარდა ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ ინვესტორებს მხრიდან არსებობს მზაობა, განახორციელონ ინვესტირება საქართველოში და თუ საშუალო კვლევით, სხვა ქვეყნებში მზად არიან, 50 მილიონის ინვესტირება მოახდინონ, საქართველოს შემთხვევაში ეს გაცილებით მეტია, რაც მიუთითებს, რომ ნდობა ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატისადმი არის მაღალი და ეს კვკევა კიდევ უფრო მეტ ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
16-11-2024
16-11-2024