13-10-2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურ დირექტორ დარენ ტანგთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საუბარი შეეხო განათლების სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებს და ამ მიმართულებით, სამინისტროსა და WIPO-ს შორის თანამშრომლობას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისი დაცვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან ინოვაციური საქმიანობის ხელშეწყობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო WIPO-სთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების ყველა საფეხურზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ სხვადასხვა პროგრამის განხორციელების საკითხებს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ინტელექტუალური საკუთრების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – „საქპატენტისა“ და WIPO-ს აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი სამართლებრივი სისტემა და განხორციელდა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, თუ ინოვაციური საქმიანობის განვითარებისკენ მიმართული გლობალური პროგრამები.
თავის მხრივ, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები და სამომავლოდ, არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ WIPO-ს გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაბიპასანი, ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მანანა ფრუიძე.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) გაერთიანებული ერების სპეციალიზებული უწყებაა, რომელიც აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. საქართველო WIPO-ს წევრი 1991 წელს გახდა.
16-11-2024
16-11-2024