13-10-2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტებზე აჭარის რეგიონში ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეოებით, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოიპოვა ჯამში 177 501 მ3 ქვიშა-ხრეში, რომლის რეალიზაციის შედეგად, მიიღო 1 325 938 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი. მანვე, ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დამზადება-გამოყენების გზით, შეიქმნა 87 463 ლარის ოდენობის ყალბი დღგ-ის აქტივი, რაც შემდგომ გამოიყენა კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
გარდა აღნიშნულისა ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა კუთვნილი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 534 418 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 185-ე, 194-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
16-11-2024
16-11-2024