გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა

13-10-2022

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავა.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა საქართველოს მოქალაქემ, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაოდ წასვლის მიზნით, სოციალური ქსელის - „FACEBOOK"-ის ერთ-ერთ ჯგუფში მოიძია ვინმე „ნინოს" საკონტაქტო ნომერი, რომელიც თითქოსდა მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო პუნქტამდე მოქალაქეთა გადაყვანას უზრუნველყოფდა.


დაზარალებული დაუკავშირდა ხსენებულ პირს, რომელმაც განუცხადა, რომ ის და მისი შვილი იმყოფებოდნენ აშშ-ში და მექსიკამდე სპეციალური ტურისტული მოწვევების გამოყენებით, ხოლო შემდგომ მექსიკიდან ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, საქართველოს მოქალაქის და მისი ოჯახის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ, სანაცვლოდ კი წინასწარ, ესპანეთში გახსნილ საბანკო ანგარიშზე 1 500 ევროს გადარიცხვა, ხოლო ბილეთების თანხის - 52 940 ლარის - უკრაინაში გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვა ან საქართველოში მცხოვრები მათი ნათესავისთვის გადაცემა მოითხოვეს.


2022 წლის 6 აპრილს, დაზარალებულმა 1500 ევრო გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიწოდებულ ანგარიშის ნომერზე, ხოლო დარჩენილი თანხა - 52 940 ლარის ოდენობით, საკუთარ სახლში გადასცა გამოგონილი სახელით და გვარით გაცნობილ ზემოაღნიშნულ ბრალდებულს, რომელმაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ოჯახთან ერთად უპრობლემოდ შეძლებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას, ვინაიდან ე.წ. დედა-შვილის მეშვეობით, თითქოსდა არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფებოდა ამერიკაში.


ამდენად, ბრალდებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 58 000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც ამ უკანასკნელთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.


დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით.


საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს ყველას, მსგავსი ტიპის შეთავაზებებთან დაკავშირებით გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და პირველივე შემთხვევისთანავე მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930