გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თსუ-ში ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

17-10-2022

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის (ENOTHE) 26-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ასეთი მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაციისა და ადგილობრივი პროფესიული თემისთვის, ქვეყანაში პროფესიის შემდგომი გაძლიერებისა და განვითარებისთვის, როგორც განათლების, ასევე, პრაქტიკის დონეზე.


ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ გაგოშიძე,  მსოფლიოს ოკუპაციურ თერაპევტთა ფედერაციის პრეზიდენტი სამანტა შანი, ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის პრეზიდენტი სოემიტრო პოერბოდიპოერო, ქართველი და ევროპელი ოკუპაციური თერაპევტები ესწრებოდნენ.


„ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ეროპული ქსელის კონფერენციაზე მსჯელობენ თუ რა ბედი ელის ოკუპაციური თერაპიის, როგორც სპეციალობის განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. ძალზე მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც ამ განათლების მიღებაა შესაძლებელი. დასაქმების თვალსაზრისით ეს იმდენად უნიკალური, სპეციფიკური და მოთხოვნადი სპეციალობაა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები პრაქტიკულად სრულად არიან დასაქმებულები“, - აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, „კონფერენციაზე განსახილველი თემები აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის მთავარ ღერძს წარმოადგენს ინკლუზიური განათლება და ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე. კონფერენციის ფარგლებში განიხილება ეს თემები საერთაშორისო კონტექსტში და, ასევე, გამოწვევები ეროვნულ დონეზე“.

ოკუპაციური თერაპია რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მთელ მსოფლიოში ოკუპაციური თერაპევტები აქტიურად მუშაობენ მრავალფეროვანი შესაძლებლობის მქონე პირებთან და მოწყვლად ჯგუფებთან.  


მსოფლიოს ოკუპაციური თერაპიის ფედერაციის პრეზიდენტმა  სამანტა შანიმ დარგის განვითარების მნიშვნელობასა და კონფერენციის ღირებულებაზე ისაუბრა: „მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საქართველოში ოკუპაციური თერაპია  ვითარდება და თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება. ქართული ასოციაცია მსოფლიოს ოკუპაციური თერაპიის ფედერაციის  ღირსეული წევრია.  მსოფლიოს ოკუპაციური თერაპიის ფედერაციისა და ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის მასშტაბით ვრწმუნდებით ამ მიმართულების განათლების ხარისხში. ოკუპაციური თერაპევტები რეაბილიტაციის სერვისის წინა ხაზზე დგანან ევროპაში და, ამასთანავე, საქართველოშიც“.


ღონისძიების და, საერთოდ, ოკუპაციური თერაპიის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ENOTHE პრეზიდენტმა სომიტრო პოერბოდიპოერომ: „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ ერთად, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, ასევე ის გამოწვევები, რომელიც არის ოკუპაციურ თერაპიაში. ვიცით, რომ ქართულ საზოგადოებას სჭირდება მეტი ოკუპაციური თერაპევტი“.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია საქართველოში, სადაც ფსიქოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო განათლების მიღება შეიძლება.  კონფერენციაზე განიხილეს ოკუპაციური თერაპიის დარგში თანამედროვე კვლევები, პრაქტიკები და მიღწევები, განათლებაში არსებული გამოწვევები და წარმატებული პროექტების მაგალითები. გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასა და, ზოგადად, კონფერენციის ფორმატზე ისაუბრა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ: „ENOTHE აწესებს სტანდარტებს, თუ როგორი უნდა იყოს ოკუპაციური თერაპევტი, მისი მომზადების,  მუშაობის, პრაქტიკის. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია, რომელიც ამზადებს ამ მიმართულების სპეციალისტებს. კონფერენციის ჩვენთან  ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში მიმართულების განვითარებისთვის.  კონფერენციაზევე უშუალოდ განიხილება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, ასევე, სერვისების საკითხები; ძალიან საინტერესო კვლევები და საინტერესო მოხსენებები აქვთ გამომსვლელებს“.


კონფერენციაზე განიხილებოდა ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა ტელერეაბილიტაცია, ტექნოლოგიის როლი ხელმისაწვდომი საცხოვრებელი გარემოს მოწყობაში, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებები, ინკლუზიური გარემოსა და სისტემების შექმნის გზები და სხვა.


კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის წახალისება, განვითარების სამომავლო გეგმების დასახვა და პროფესიის ცნობადობის გაზრდა.


კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მასში ოცამდე ქვეყნის, 180-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა. ოკუპაციური თერაპიის უმაღლესი განათლების ევროპული ქსელი (ENOTHE) აერთიანებს მსოფლიოს 36 ქვეყნის 100-ზე მეტ ინსტიტუციას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930