გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძე ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

17-10-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჰიდროენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და ლიბერალური ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან განსაკუთრებული ყურადღება ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა მისი სტრატეგიული როლი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პროცესში. რომეო მიქაუტაძის თქმით, საყოფაცხოვრებო და ბიზნეს სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა, მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ამიტომ, მისი შეფასებით, მთავრობის მთავარი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ადეკვატური და სანდო ენერგიის წყაროების არსებობას.

„იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და საქართველოს ენერგოწარმოების დივერსიფიკაციას. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობამ კერძო სექტორთან გააფორმა ხელშეკრულებები ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარების მიზნით. ასევე პირველ ნაბიჯებს ვდგამთ „მწვანე წყალბადის" წარმოების განვითარების მიმართულებით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო და ექსპერტულ წრეებთან აღნიშნული ტექნოლოგიის განვითარების კუთხით," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რომეო მიქაუტაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება ელექტროგადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას სტრატეგიული პროექტის შესახებ, რომლითაც შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი კაბელის მეშვეობით საქართველოს ენერგეტიკული ქსელი რუმინეთის და შესაბამისად, ევროკავშირის ელექტროგადამცემ ინფრასტრუქტურას დაუკავშირდება. „პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპასა და კავკასიის რეგიონში ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და რეგიონებს შორის სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოსვლაში, რომეო მიქაუტაძემ კონფერენციის მონაწილეებს ასევე გააცნო საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობა, მათ შორის, მიაწოდა ინფორმაცია საკანონმდებლო - ნორმატიული ბაზის შესახებ, რომელიც ქვეყანამ მიიღო ამ სამომავლოდ აამოქმედებს ევროკავშირის შიდა ბაზრის პრინციპების საქართველოში დასანერგად და ევროპული ტიპის ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ენერგეტიკული რესურსების ახალ სქემაზე, რომელიც ეფუძნება კონკურენციას და საბაზრო პრინციპებს, რაც, საბოლოო ჯამში, ენერგეტიკის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ამ სქემით პროექტების შემუშავება კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930