18-10-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმში და მოხსენებით გამოვიდა პანელზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს შეეხებოდა.
მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს გზაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან დღემდე და ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც 2014 წლიდან მოყოლებული განხორციელდა ან მიმდინარეობს. გენადი არველაძის თქმით, ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება დღესაც საკვანძო როლს თამაშობს საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მათ შორის, საექსპორტო ბაზის გაზრდის, ექსპორტის გეოგრაფიის დივერსიფიკაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის, სავაჭრო ინტეგრაციის გაძლიერებისა და ქვეყნის, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი კვანძის პოტენციალის გამოყენების მიმართულებით.
საგარეო ვაჭრობის ტენდენციებზე საუბრისას, გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის სწორმა პოლიტიკამ რუსეთის ბაზარზე საქართველოს დამოკიდებულება შეამცირა. მისი თქმით, ქართული პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს ახალი თაობის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს გაფორმებული. ასე მაგალითად, 2022 წლის 8 თვეში რუსეთში ექსპორტი მხოლოდ 2 პროცენტით, ხოლო ევროკავშირში - 46 პროცენტით, ხოლო ჩინეთში 18 პროცენტითაა გაზრდილი.
მინისტრის მოადგილემ მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო ევროკავშირის ნორმატიულ აქტებთან საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციის საკითხს. მისი თქმით, ეს მიმართულება სტრატეგიულია ქვეყნისათვის. გენადი არველაძის თქმით, საქართველომ ბოლო წლებში წარმატებით დაასრულა ევროკავშირთან მოლაპარაკება მთელი რიგი ცხოველური წარმოშობის ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის გახსნის შესახებ, მაგრამ, მისი თქმით, საქართველომ უნდა აჩვენოს მეტი ე.წ. წარმატების მაგალითი ამ მიმართულებით.
თავის გამოსვლაში გენადი არველაძემ ისაუბრა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობაზე საქართველოსთვის, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით. მისი თქმით, ქვეყანა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისებისა და გამოყენების მიმართულებით, რაც მას უცხოურ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. მინისტრის მოადგილემ ასევე ახსენა სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე ენერგოკაბელის განთავსებას და ამით საქართველოსა და რუმინეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაკავშირებას. მისი თქმით, ეს პროექტი ხელსაყრელი იქნება როგორც საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის, ასევე ევროკავშირის ქვეყნებისათვის.
საქართველოს დელეგაციამ, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგენლობაში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩეხეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა და ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩეხეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.
16-11-2024
16-11-2024