18-10-2022
საქართველოს პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც არასრულწლოვანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ორი ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2022 წლის 27 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე წარედგინათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა და დაზარალებულთან სექსუალური ხასიათის ქმედებებს ახორციელებდა. ხოლო ბრალდებულის მამა არასრულწლოვანი დაზარალებულის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის ქმედებას, ასევე გარყვნილ ქმედებას.
ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები სრულად იქნა გამოკვლეული სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, რა დროსაც დაზარალებულმა და მოწმეებმა სრულად დაადასტურეს სექსუალური ძალადობის ფაქტი. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ბრალდებულების მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. გამოკვლეულ იქნა აუდიომასალა, სადაც დაზარალებული საუბრობს მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქართველოს პროკურატურა სიღნაღის რაიონული სასამართლოს განაჩენს, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საქართველოს პროკურატურა მსგავსი საქმეების მიმართ უმკაცრეს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
16-11-2024
16-11-2024