21-10-2022
„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)" საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
აღნიშნული გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე.ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი ღონისძიება „საქართველოს რკინიგზის" 150 წლის იუბილეს დაემთხვა. მისი თქმით, საერთო კრებაზე შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ, რათა განიხილონ დერეფნის კონკურენტუნარიანობა და ის უპირატესობები, რომელიც შუა დერეფანს აქვს.
„შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)" საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.
16-11-2024
16-11-2024