გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა STS ფორუმის ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალი მაგიდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

22-10-2022

STS ფორუმის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-19 ყოველწლიური მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა.


მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით დისტანციურად მიმართა და საზოგადოებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.


როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში მეცნიერება ქმნის  ამოუწურავ შესაძლებლობებსა და ახალ ცოდნას ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, რაც გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს.


მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევები ადამიანებს ფართო შესაძლებლობებს უხსნის. დღეს, როცა სამყარო არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი – მეცნიერება. სწორედ შეუქცევადი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი მოგვცემს შესაძლებლობას, კაცობრიობის სასარგებლოდ ვმართოთ გლობალური პროცესები, რაც კიდევ ერთხელ დაგვანახა COVID 19-ის პანდემიამ.


მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია 2022-2030 ითვალისწინებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების (STI) სისტემის მოდერნიზებასა და ინტერნაციონალიზაციას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, ადამიანების კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.


ჩვენ ვისწრაფვით, რომ საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობისთვის გამორჩეული ადგილი გახდეს. ამ თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება გახლავთ ჭეშმარიტად წინგადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში წამყვანი მეცნიერები ჩაერთვებიან. სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის ადრონული თერაპიის ცენტრის ულტრათანამედროვე ციკლოტრონები სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) უკვე აეწყო. ერთი ციკლოტრონი მთლიანად განკუთვნილი იქნება სამეცნიერო-კვლევითი პროცესისთვის სამედიცინო და ბირთვულ ფიზიკაში, ხოლო მეორე მოხმარდება სიმსივნის მკურნალობას. ის ფაქტი, რომ ერთი ციკლოტრონი მთლიანად კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან. ამის დასტურია ის, რომ მრავალმა ცნობილმა უცხოელმა მეცნიერმა, უკვე გამოთქვა სურვილი, ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით პროცესში.


ადრონული თერაპიის ცენტრის ფუნქციონირება, მედიცინისა და ბირთვული ფიზიკის დარგებში ქართველი და საერთაშორისო  მკვლევრების თანამშრომლობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიმსივნური დაავადებების განკურნების საქმეში და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მოდერნიზება და ინტერნაციონალიზაცია ყოველთვის ქმნიდა პროგრესისა და მდგრადი განვითარების წინაპირობას. მჯერა, ამ მიმართულებით მსოფლიო  კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, რაც არსებული გამოწვევების დაძლევაში დაგვეხმარება.

მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მივიღო მონაწილეობა ამ უაღრესად მნიშვნელოვან შეხვედრაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო STS ფორუმის ორგანიზატორებს, რომლებიც ყოველწლიურად გვაძლევენ შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.“


STS ფორუმი 2003 წელს ვაშინგტონში (აშშ) დაარსდა და მას შემდეგ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრა ყოველწლიურად იმართება.


2022 წლის ფორუმი იაპონიის ქალაქ კიოტოში გაიმართა და მასში მონაწილეობა  სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებმა, მეცნიერებმა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამედროვე სამყაროში მიმდინარე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესზე იმსჯელეს და ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა – ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა, ფუნდამენტური კვლევების გაძლიერების ხელშეწყობა, ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება. ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების გზებიც განიხილეს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930