22-10-2022
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტს „ჩვენი ჯარი“ აგრძელებს. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტი 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა.
სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, შესახებ გაესაუბრნენ.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნებიც გააცნეს და მოგვიანებით მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.
მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად მიაწვდიან.
16-11-2024
16-11-2024