28-10-2022
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი worldjusticeproject.org-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსს ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველო რეგიონის 14 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.
„გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსი (https://worldjusticeproject.org). საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონის 14 ქვეყანას შორის, უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს, უსწრებს ევროკავშირის წევრ 2 ქვეყანას, უსწრებს ნატოს წევრ 5 ქვეყანას.
აქვე გავიხსენოთ, რომ საქართველო მსოფლიოში პირველია ღია ბიუჯეტის რეიტინგში (შესაბამისად, უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას), კორუფციის დაბალი დონით უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 ქვეყანას და ნატოს წევრ 11 ქვეყანას.
უკვე მერამდენედ ფაქტები ამარცხებენ აღქმებს; და უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით საქართველოს მიმართ ნეგატიური აღქმების ჩამოყალიბებისკენ მიმართული დეზინფორმაციული პროპაგანდის მასშტაბში.
ნიშანდობლივია, რომ ივნისში, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, როდესაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაისვა კითხვა, საქართველო, დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას, ოპოზიციიდან მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა ასწია თანხმობის ნიშნად ხელი.
მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის (WJP) ეს რეიტინგი რამდენიმე საფეხურიანი კვლევის შედეგად დგება:
ორგანიზაცია ატარებს ქვეყნებში ექსპერტების და მოსახლეობის გამოკითხვას, კვლევის მეთოდოლოგიას ამოწმებს ევროკავშირის კომისიის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით კვლევის შედეგების ვალიდურობას ამოწმებს სხვა წამყვან რეიტინგებთან შედარებით (ფრიდომ ჰაუსის მსოფლიო თავისუფლების ინდექსი, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსი, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, აშშ-ის ადამიანის უფლებების ანგარიში, ამნესტი ინთერნეიშენალის და სხვა მსგავსი ანგარიშები)“, - წერს პაპუაშვილი ფეისბუკზე.
16-11-2024
16-11-2024