29-10-2022
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის თანათავმჯდომარეობით უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომა გაიმართა, რომელიც ოქმის გაფორმებით დასრულდა. უნგრეთის მხარეს თავმჯდომარეობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო მდივანი ტამაშ ვარგა.
კომისიის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები შემდეგ სფეროებში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვა.
აღინიშნა, რომ 2021 წელს, პანდემიის მიუხედავად, საქართველო - უნგრეთის სავაჭრო ბრუნვა 12%-ით, ხოლო 2022 წლის 9 თვეში 17%-ით გაიზარდა. მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრეთის ბაზარზე 1.5-ჯერ გაიზარდა. „ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის წილის ზრდის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების მიერ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამდენად, მისასალმებელია ქართული ექსპორტის ზრდა უნგრეთის ბაზარზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ტენდენცია ერთობლივი ნაბიჯებით არა მხოლოდ შენარჩუნდება, არამედ მნიშვნელოვნად გაიზრდება," - განაცხადა გენადი არველაძემ.
კომისიის სხდომაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოსა და უნგრეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთების მოცულობის ზრდაზე. კერძოდ, 2022 წელს ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.
ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა და დადებითად შეაფასა საქართველოში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის 10 წლიანი საქმიანობა. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც Wizz Air-ის მიერ ფრენების სიხშირეების გაზრდა და ასევე ახალი მარშრუტებისა და მიმართულებების დამატება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების ნაკადების ზრდას და ტურისტული სფეროს განვითარებას საქართველოში.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ მხარეებს შორის წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უნგრეთის მხარემ შეთანხმების ტექსტი უკვე მიაწოდა ევროკომისიას შესაბამისი ავტორიზაციის მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს მხარეებს უახლოეს მომავალში ხელი მოეწეროს ხსენებულ შეთანხმებას.
რეგიონში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. მათ შორის განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რაზეც უნგრეთის მხარემ გამოხატა ინტერესი და გამოთქვა მზადყოფნა პროექტის რეალიზაციაში აქტიურ ჩართულობაზე.
ვიზიტის მსვლელობისას ასევე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.
16-11-2024
16-11-2024