გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
FAO-ს მონიტორინგის სამსახურმა ჯიღაურაში ეკრანული სათბურები დაათვალიერა

31-10-2022

FAO-ს ექსპერტმა ანტუან კოლონა დ'ისტრიამ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული ეკრანული სათბურები დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო.


ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


მათივე ცნობით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ FAO-ს ექსპერტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სტანდარტის ორ სათბურ იზოლატორში დარგული ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის სადედე მცენარეებზე.


„800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბურ-იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. პროექტი ორი სტრატეგიული მიმართულებით: საქართველოში გასამრავლებელი სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და სანერგეების შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს, რაც ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს 2024 წლამდე სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე უმტკივნეულოდ გადასვლაში დაეხმარება.


სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, FAO-ს მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო.


სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930