31-10-2022
განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, აგრეთვე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წარდგენილ დოკუმენტებში გამწვანების პროექტის, როგორც თანამედროვე, გარემოსდაცვითი სტანდარტების მქონე დოკუმენტის არსებობა სავალდებულო გახდება.
ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა.
პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი სხდომაზე განსახილველად მაია ბითაძემ წარადგინა. მისი განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია გამწვანების პროექტის დეფინიციის, შეთანხმების წესის და პირობების ჩამოყალიბება. განისაზღვრება გამწვანების პროექტის არსი, შეთანხმების მექანიზმი და ამისთვის შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები. პროექტის თანახმად, ინფორმაცია სამშენებლო ობიექტის საინფორმაციო დაფაზე აისახება. გამონაკლისი იქნება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები.
კანონპროექტით შემოდის „გამწვანების პროექტის" განმარტება.
„მეორე მოსმენისთვის გავითვალისწინეთ კომიტეტის რეკომენდაცია და მისი ამოქმედების ვადამ 1 წლით, 2024 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. ვფიქრობთ, ეს დრო გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დონეზე მომზადდეს იმ ხე მცენარეთა ჩამონათვალი, რომელიც გაუადვილებს მუნიციპალიტეტებს და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებს დენდროლოგიური პროექტის დამტკიცებას და შეთანხმებას, ხოლო დეველოპერებს გამწვანების პროექტის მომზადებას გაუადვილებს", - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ამავე დროს მიმდინარეობს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტი, რომელიც რამდენიმე რეგიონში საპილოტედ დენდროლოგიური პროექტების სტანდარტებს დაამუშავებს და მუნიციპალიტეტებისთვის ხე მცენარეების ნუსხას განსაზღვრავს.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება გაეროს განვითარების პროგრამასთან, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს არა რამდენიმე მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოსთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც მზად არის ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტებთან, რომ ეს ერთწლიანი გარდამავალი პერიოდი მოსამზადებლად იყოს გამოყენებული.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესატანი ცვლილების თაობაზე კიდევ ერთი კანონპროექტი განიხილა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ კომიტეტს მეორე მოსმენით განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც არსებულ და კონცეფციის გარეშე დამტკიცებულ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება მარტივდება.
„2029 წლამდე მუნიციპალიტეტებს, სადაც არ არის კონცეფციები დამტკიცებული, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მოითხოვოს ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა და ამისთვის არ ექნება მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულება. ეს პროექტი მუნიციპალიტეტებს მისცემს შესაძლებლობას, ძველი გენგეგმები არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოიყვანოს", განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტმა განხილულ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.
16-11-2024
16-11-2024