2-11-2022
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ აშშ-ის საელჩოს მხრიდან საუბარია პარტიულ, ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე“.
„სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ მკაფიობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს. რაღაცაზე რომ ამბობს ცუდს, უნდა დააყოლო, რატომ, რისთვის არის ცუდი. ეს ჩემი აზრია. უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, უკანონობა დაინახეს ან რაღაც მსგავსი მოხდა. ასე ზოგადად როდესაც აკრიტიკებ, ეს პირდაპირ ურტყამს სასამართლოს და არის ძალიან ცუდი. განცხადებაში კონკრეტული არგუმენტები რომ ყოფილიყო მოყვანილი, უფრო მკაფიო იქნებოდა. ვეჭვობ, კონკრეტული არგუმენტი, კარგად განსწავლულ ადამიანებს, ვინც ეს განცხადება გააკეთა, არ ჰქონდათ, მით უმეტეს კონკრეტული სამართლებრივი არგუმენტები. ამიტომ მოუწიათ ზოგადი განცხადების გაკეთება. ამ განცხადებაში კიდევ ერთი ამბავი მენიშნა – რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ განცხადებაში იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ დაკავებულია ობიექტური მედიის, ან მსგავსი ეპითეტი კი არ იყო გამოყენებული, არამედ საუბარია პარტიულ მედიაზე. დღეს ეს ამერიკის საელჩოს განცხადებაში გამოჩნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ საუბარია მათი მხრიდან პარტიულ, ანუ მთავარი ოპოზიციური მედიის ხელმძღვანელზე. ამიტომ აშშ-ს საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ ეს არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. კრიტიკის პარალელურად, ჩვენ ვნახეთ აღიარება, რომ ეს არის პარტიული მედია“, – განაცხადა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადებაა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია: „იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“.
16-11-2024
16-11-2024