3-11-2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქვემო ქართლში, აჭარასა და სამეგრელოში "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 4 პირი: 1962 წელს დაბადებული რ. ხ., ასევე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები: 1989 წელს დაბადებული გ. პ., 1990 წელს დაბადებული ბ. ს.,1980 წელს დაბადებული ს. ყ. დააკავეს.
ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ - 1977 წელს დაბადებულ ჯ. ბ.-ს, მეტსახელად „ბონჩოს“ და 1974 წელს დაბადებულ ა.თ.-ს.
ზემოაღნიშნულ პირებს ბრალად ედებათ „კანონიერი ქურდობა“, „ქურდული სამყაროს“ წევრობა", „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვა.
ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით დაკავებული და ბრალწარდგენილი პირები აქტიურად მონაწილეობდნენ "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებაში, პირადი სარგებლისა და უპირატესობის მიღების მიზნით ერთვებოდნენ მოქალაქეთა და "ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფ პირებს შორის წარმოშობილი პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების მოგვარებაში, ასევე, „ქურდული წესებით“ გადაწყვეტაში, უკავშირდებოდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს, აგრეთვე, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ , მათ შორის მინდია ლავასოღლის, ასლან ქობულაძეს, მეტსახელად ,,ბაბუ“-ს და მათგან მითითებებს იღებდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი "კანონიერი ქურდი" - ჯ. ბ. (მეტსახელად „ბონჩო“), ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მართავდა და ორგანიზებას უწევდა საქართველოში მცხოვრებ, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებულ რ.ხ.-ს და ს.ყ.-ს. კერძოდ, ჯ.ბ. აღნიშნული პირების მეშვეობით უკავშირდებოდა ერთ-ერთ მოქალაქეს გ.გ.-ს, რომლისგანაც ბრალდებულები ქართველი ბიზნესმენისგან სესხის სახით გამორთმეული თანხის - 55 000 ლარის გამოძალვას ცდილობდნენ, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ე.წ. ქურდული გარჩევის გზით.
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილ გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 -ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
16-11-2024
16-11-2024